რატომ გადაუხადა მადლობა ლორთქიფანიძემ მეჭიაურს და რატომ თვლის, რომ „მრეწველები“ და „რესპუბლიკელები“ ერთ კოალიციაში ვეღარ იარსებებენ
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, თამაზ მეჭიაურს მადლობა გადაუხადა.
ლორთქიფანიძემ დადებითად შეაფასა დეპუტატის მიერ „მრეწველების“ და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირების კონტექტსში გაკეთებული განცხადება.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებში კოალიციის გარეთ კენჭისყრა „რესპუბლიკელებისთვისაც“ და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან კარგი ტესტი იქნებოდა.
ლორთქიფანიძის თქმით, იმ ფონზე, რაც დღეს კოალიციაში ხდება, „რესპუბლიკელებს“ არ აქვთ მორალური შესაძლებლობა, რომ დარჩნენ კოალიციაში, სანამ იქ „მრეწველები“ იქნებიან.
„მინდა თამაზ მეჭიაურს მადლობა გადავუხადო იმ სიმართლისთვის, რომელიც მან გუშინ განაცხადა და ბრძანა, რომ თუკი კოალიციის ზოგიერთი სუბიექტი თავს დაცულად გრძნობს კოალიციის ფარგლებში, საინტერესოა ეს სუბიექტები დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიაღწევენ თუ არა სასურველ შედეგს. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ტესტი იქნებოდა ეს „რესპუბლიკელებისთვისაც“ და არა მხოლოდ მათთვის.
ეს იყო გამაფრთხილებელი მესიჯი. ეს ივანიშვილისთვის იქნებოდა ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ თუკი ვიღაც-ვიღაცები არ მოიქცევიან სწორად და არ დაექვემდებარებიან თამაშის იმ წესებს, რომელიც თავის დროზე დადგინდა, ისინი დაემშვიდობებიან შესაძლებლობას, კოალიციის ფარგლებში იყარონ კენჭი.
„მრეწველებს“ აქვთ შანსი, შეინარჩუნონ კოალიციის წევრობა, ასევე იფიქრონ თავიანთი პოლიტიკური მომავლის განვითარების სხვა შესაძლებლობებზეც. „მრეწველები“ და „რესპუბლიკელები ვერანაირი კომპრომისის ხარჯზე ერთ კოალიციაში უბრალოდ ვეღარ იარსებებენ. ჰყავს თუ არა ბატონ თოფაძეს თანამოაზრეები და იცავს თუ არა ვინმე მას კოალიციაში, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. იმ ფონზე, რაც დღეს კოალიციაში ხდება, „რესპუბლიკელებს“ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დარჩნენ კოალიციაში, სანამ იქ „მრეწველები“ იქნებიან“,- აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.