დიმიტრი ქუმსიშვილი Ryanair-ზე: ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეთავაზებები მოწონებული იქნება
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმდინარე კვირა დადებითად შეაფასა და მიზეზად “ვიზეარის” მიერ სექტემბრიდან ევროპის შვიდი მიმართულებით ფრენების განხორციელება დაასახელა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის აეროპორტით დაინტერესებული ახალი ავიაკომპანია Ryanair-ი ქართული მხარის შეთავაზებებს მოიწონებს.
“17 თებერვალს “ვიზეართან” ერთად საჯაროდ გამოვაცხადეთ იმ ხელშეკრულების შედეგები, რომლის მიხედვითაც 7 ახალი მიმართულებით სექტემბრიდან ქუთაისიდან ფრენები განხორციელდება. ეს მიმართულებებია ევროპის ქვეყნები, რაც არის ძალიან კარგი. “ვიზეართან” მიმართებაში მოხდება თვითმფრინავის ბაზირება. აღნიშნულ ავიაკომპანიასთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ერთ დღეში არ მომხდარა. ეს არის ძალიან დიდი პროცედურა. დაახლოებით, წელიწად-ნახევარი ვმუშაობდით, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო”, – განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ავიაკომპანია Ryanair-თან განუწყვეტლივ მუშაობს.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კომპანიისადმი ჩვენი შეთავაზებები ასევე მათგან მიღებული და მოწონებული იქნება. ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და ვთვლით, რომ ისინი სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინდა დავადასტურო, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები მრავლად იყო. ისინი ჩვენი აქტიურობის გამო მადლობლები არიან”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.