ინტერნეტ-გარემოს განვითარებისათვის საჭიროა კვლევითი ინსტიტუტის შექმნა

განვითარებად ქვეყნებში დამკვიდრებული ტენდენციიდან გამომდინარე, პროექტმა რომ სახელმწიფოს ყურადღება მიიქციოს, აპრობირებული და გადმოღებული უნდა იყოს განვითარებული ქვეყნებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მას განიხილავენ, როგორც არაეფექტიან და გაურკვეველი  მომავლის მქონე პროექტს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ ანალოგები განიხილება, როგორც სამთავრობო დაფინანსების, ისე უნივერსიტეტების ბაზაზე არსებული ინსტიტუტები. მათ შორის  შეიძლება აღვნიშნოთ: აშშ-ის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ესტონეთის, ინდოეთის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო სახელმწიფო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები.

საქართველოს საზოგადოება აცნობიერებს, რომ ქვეყანა საჭიროებს არა ცალკეული ქვეყნების საჭიროებებზე მორგებული პროექტების გადმოღებას, არამედ საქართველოს რეალობის, სოციალურ-ისტორიული თავისებურებების, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და არსებული პოტენციალის შესაბამისი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.

სწორედ ასეთ პროექტს წარმოდგენს „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“, რომლის შექმნა ნაკარნახებია გლობალური და ლოკალური გამოწვევებით.

განვითარებულ ქვეყნებში, ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფასეულობით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო სექტორთან .

ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში მოქმედებს ტექნოლოგიური ცენტრები, ლაბორატორიები, ელექტრონული მომსახურების  განვითარების სახელმწიფო უწყებები. თუმცა, ინსტიტუტი ერთ-ერთი უალტერნატივო სამეცნიერო-გარემოა, სადაც ახალგაზრდა სამეცნიერო რესურსია მობილიზებული, ხოლო საქმიანობა მოიცავს:

  • ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის განსაზღვრა;
  • ინტერნეტ-ბაზრის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა;
  • ინტერნეტის მაგისტრალური და ლოკალური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
  • ელექტრონული მმართველობის სტრატეგიული განვითარება;
  • ციფრული ბაზრის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;
  • ციფრული პრობლემების ეკონომიკური ანალიზის განახორციელება;
  • კვლევებზე დაფუძნებული სტრატეგიული გეგმებისა და მიმართულებების განსაზღვრა;
  • ციფრული გარემოს ანალიზი;
  • განათლების სისტემის ხარისხის ხელშეწყობა;
  • მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული შედეგების პროგნოზირება;

არსებითია აღინიშნოს, რომ ინსტიტუტი, როგორც ელექტრონული მმართველობის განვითარების სტრატეგიული ცენტრი, მმართველთა ინოვაციური ინიციატივებისა და სახელმწიფოს განვითარების პროგრამების იმპლემენტაციას უწყობს ხელს.

ქვეყანაში, ინსტიტუტის დაფუძნებით შეიქმნება ელექტრონული მმართველობის სტრატეგიული დაგეგმვის ცენტრი, რომლის მთავარი მიმართულებებია:

  • ციფრული გარემო: კიბერსაფრთხეებისა და კიბერტერორიზმის პრევენციის მექანიზმები; ციფრული გარემოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ელექტრონული კომერციის განვითარება; ინტერნეტ-საზოგადოების განვითარება; ელექტრონული დემოკრატიის განვითარება; ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  • სამეცნიერო გარემო: მეცნიერ-მკვლევართა პოტენციალის გამოყენება სახელმწიფოს მშენებლობაში; განათლების რეფორმების ხელშეწყობა; ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა როლის ზრდა მმართველობაში; საქართველოს  მეცნიერ-მკვლევართა გაერთიანება და კოორდინირება; უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა;
  • სტრატეგიული დაგეგმვის გარემო: ელექტრონული მმართველობის სტრატეგიული დაგეგმვა და პროგნოზირება; გლობალური და ლოკალური ციფრული გამოწვევების ფორმულირება და რეკომენდაციების წარდგენა; ციფრული სახელმწიფოს კვლევები და განვითარების პროექტები; ციფრული ეკონომიკის განვითარების პროგრამები; ციფრული ეკონომიკური გარემოს ანალიზი და პროგნოზი;  პოლიტიკური ვებ-სფეროს ანალიზი; სახელმწიფოს საკონსულტაციო პლატფორმა;

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინსიტიტუტი  წარმოდგენილია ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა პოტენციალის რეალიზებისა და სახელმწიფოებრივი აქტივობის სივრცედ. აღნიშნულ  სივრცეში, მეცნიერ-მკვლევართა და ანალიტიკოსთა პლატფორმები ფორმირებულია დამოუკიდებელი აზროვნების, ინოვაციების, თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, კვლევების, კონსულტაციებისა და რჩევების წარდგენის მიმართულებით.

ზემოაღნიშნულის გარდა, ინსტიტუტი ორიენტირებულია კერძო და სახელმწიფო უწყებების ციფრული  საჭიროებების შესწავლასა და  საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრაზე.

კვლევითი ინსიტიტუტი პოზიციონირებულია, როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების პლატფორმა, რომელიც სამეცნიერო კვლევებით, სტრატეგიული დაგეგმვით, კონსულტაციებითა და ანალიზით ხელს უწყობს რაციონალური და ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებას.

თავის მხრივ, ინსტიტუტის პლატფორმისა და მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფის  ძირითადი საქმიანობა:

  • არ გულისხმობს ციფრული სახელმწიფოს განვითარების მიზნით ზოგადი ფრაზებისა და თეორიული კონსტრუქციის პროგრამების წარდგენას. ინსტიტუტი, კვლევებზე დაფუძნებული სტრატეგიული გეგმებით, განვითარების პროგრამებითა და სამოქმედო ღონისძიებებით, ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას;
  • მოიცავს საქართველოს რეალობისა და საჭიროებების შესაბამისი ციფრული ქვეყნის მოწყობის მოდელების შექმნასა და იმპლემენტირებას (ციფრული განვითარების უცხოური მოდელების გადმოღების ნაცვლად);
  • მიმართულია ინტერნეტ გარემოს განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისაკენ, რომელიც უნდა შეფასდეს არამხოლოდ აპლიკაციებითა და ტექნოლოგიური კომპონენტებით, არამედ სტრატეგიული პოლიტიკითა და სახელმწიფო პროგრამებით;
  • ორიენტირებულია ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა ხელშეწყობისა და უმაღლესი განათლების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების პროცესზე (ლოკალურ და გლობალურ სივრცეში);
  • წარმოდგება მრავალფეროვანი სახელმწიფოებრივი სარგებლით, რომლის მომსახურება, კვლევა და კონსულტაცია შეუფასებელია. თავის მხრივ, ახალგაზრდა მეცნიერ-მკლევართა გაერთიანება და „დარაზმვა“ მიმართულია ციფრული სახელმწიფოს კეთილდღეობის, სტრატეგიული კვლევებისა და დაგეგმვის, პროგნოზირებისა და ექსპერტული შეფასებების, ციფრული გამოწვევების პრევენციის საჭიროებების უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ინსტიტუტის საქმიანობის დაფინანსება განხილული არ უნდა იქნას, როგორც კიდევ ერთი საბიუჯეტო ხარჯი;

ჯამში, „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ ორინტირებულია სახელმწიფოს ციფრული გამოწვევების კვლევასა და საფრთხეების წარმოჩენაზე. ასევე, გლობალური და ლოკალური ციფრული პრობლემების გადაწყვეტის გზების დასახვის, განვითარების მოქმედებათა პროგრამის განსაზღვრის, პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოჩენის, საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევის მიზნით კონკრეტული ინსტრუმენტებისა და მექანიზმების წარმოდგენაზე.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები