რა მდგომარეობაა თბილისში გამწვანების კუთხით და რომელი უბნებია ეკოლოგიურად ყველაზე მეტად დაბინძურებული

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დედაქალაქში ეკოლოგიისა და გამწვანების პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც საკრებულოს წარმოამდგენელმა განმარტა, ეკოლოგიის მხრივ დაბინძურების დაახლოებით 90% სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული. ამ მხრივ ყველაზე პრობლემური თბილისში თავისუფლების მოედანი, ვაკისა და საბურთალოს რაიონები აღმოჩნდნენ.
„რთული ვითარება გვაქვს ეკოლოგიის თვალსაზრისით. გარემოს დაცვის და სხვადასხვა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, ის დაპირება და დავალება, რაც გვაქვს ჩვენ მოცემული სხვადასხვა ხელშეკრულების შესაბამისად, აუცილებლად შესრულდება. ყველაზე რთული მდგომარეობა, ძირითადად, იმ რაიონებში გვხვდება, სადაც მეტი მანქანა მოძრაობს, მათ შორისაა ვაკე, საბურთალო, თავისუფლების მოედანი… პერიფერიებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ამ პრობლემის 90%-მდე კი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცდა, არის 13 751 000. ეს საკმარისი არ არის ყველა იმ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც თბილისს გამწვანების და ეკოლოგიის კუთხით აქვს, მაგრამ თუ თანხები რაციონალურად გაიხარჯება, წელს ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება, ვიდრე გასულ წელს გვქონდა“,- აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.
რთული ვითარება აღმოჩნდა დედაქალაქში გამწვანების კუთხითაც. საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხშირად მშენებლობებისას გამწვანებისთვის გამოყოფილ ადგილებს პარკირებისთვის იყენებენ.
„რაც შეეხება გამწვანებას, მთელი თბილისის მასშტაბით ცუდი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით, მაგრამ გაცილებით რთული მდგომარეობაა იქ, სადაც ბოლო წლებში ქაოსური მშენებლობები ხდებოდა. მე ამ კვირის განმავლობაში არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურიდან მოვითხოვ ინფორმაციებს იმის შესახებ, ასრულებენ თუ არა ვალდებულებებს ახალი მშენებლობებისას კომპანიები, იმ კომპონენტს, რასაც ჰქვია გამწვანების კომპონენტი მშენებლობების დროს. ხშირად გამწვანებისთვის გამოყოფილ ადგილს პარკირებისთვის იყენებენ. გვაქვს მოთხოვნა, რომ 2 მილიონი ლარი გამოინახოს ბიუჯეტიდან იმისათვის, რომ გვცოდნოდა, რა რაოდენობის ხე – ნარგავები გვაქვს თბილისის ტერიტორიაზე. ვიმედოვნებთ, რომ ბიუჯეტის კორექტირების შემთხვევაში, რომელიც აუცილებლად უახლოეს მომავალში შემოვა დასამტკიცებლად, ეს თანხები იქნება გათვალისწინებული. ამ ბიუჯეტის ფარგლებში სამი დიდი სკვერი გაკეთდება, მათ შორის გოთუას ქუჩაზე, ნაძალადევის მეტროსთან და ხეთაგუროვის სკვერი “, – აღნიშნა ბუხრაშილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები