არსებობს თუ არა საქართველოში „ზიკას“ ვირუსის საფრთხე – რას გვირჩევენ სპეციალისტები
„ზიკას“ ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ევროპასა და ამერიკაში იზრდება. ბოლო დღეების განმავლობაში, ლაბორატორიული ანალიზებით, „ზიკა“ დანიის, შვედეთის, ესპანეთისა და აშშ-ს მოქალაქეებს დაუდგინეს. ამ დრომდე დაინფიცირების არეალი სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა იყო, ახლა კი საზოგადოებაში და ქვეყნების ლიდერებში შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვირუსი ევროპაშიც ვრცელდება.
ბოლო შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირდა – „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, „ზიკას“ ვირუსი ორსულ ქალს აღმოაჩნდა. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებული კოლუმბიაში იმყოფებოდა.
ამასთან, ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიელმა მეცნიერებმა „ზიკას“ ვირუსი დაავადებული ადამიანების ნერწყვსა და შარდში აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი სითხით გადაეცემა. გავრცელებული ცნობით, „ზიკას“ ვირუსი სპერმაშიც აღმოაჩინეს, მედიკოსები მოუწოდებენ მამაკაცებს, რომლებიც დაბრუნდნენ ქვეყნებიდან, სადაც „ზიკას“ ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ორსულ ქალებთან სექსისგან თავი შეიკავონ, ან პრეზერვატივი გამოიყენონ.
„ზიკას“ ვირუსი, რომელიც ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული, ნაყოფში ტვინის განუვითარებლობას – მიკროცეფალიას იწვევს. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაისხან იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც „ზიკას“ ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული ვირუსით შესაძლოა, უკვე 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი იყოს დაინფიცირებული.
რა ხდება საქართველოში „ზიკას“ ვირუსის საფრთხესთან დაკავშირებით? „კვირა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს ესაუბრა. როგორც იმნაძემ „კვირას“ განუცხადა, „ზიკას“ ვირუსით საქართველოს მოქალაქე იმ შემთხვევაში დაავადდება, თუ ის ბრაზილიაში ან სამხრეთ ამერიკაში ჩავა.
მისი თქმით, „ზიკას“ კოღო ბოლო 60 წლის განმავლობაში საქართველოში პირველად ორი წლის წინ, მეორედ კი შარშან დაფიქსირდა.
“ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა გადამტანზე ზედამხედველობას და შარშანწინ პირველად ბათუმის შემოგარენში, საბურავების ერთ-ერთ საწყობში ამ სახეობის – Aedes-ის ტიპის კოღო აღმოჩნდა. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ ამის შესწავლას. შარშან კი კოღო უკვე ზუგდიდის შემოგარენში, ასევე საბურავების საწყობში იყო. ხაზს ვუსვამ, რომ ეს კოღო არცერთ ქალაქში არ არის. საქართველოში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების ალბათობა ძალიან დაბალია. ერთადერთი, ამ ვირუსით შეიძლება მაშინ დაავადდე, თუ ბრაზილიაში ჩახვალ, ისიც ზაფხულში, რადგან „ზიკას“ კოღო მაგ პერიოდში აქტიურია. გარდა ამისა, თუ ბრაზილიაში მაინც მოგიწევს ჩასვლა და მოგზაურობა, იქ მაინცდამაინც არ უნდა დაფეხმძიმდე. ვირუსის გადამდები ერთ-ერთი გზა სექსუალური ურთიერთობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ბრაზილიაში არ ჩახვალთ, „ზიკას“ ვირუსი არ დაგემართებათ“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.
– რა სიმპტომები ახასიათებს „ზიკას“ ვირუსს?
– სიმპტომები არასპეციფიკურია: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, კონიუქტივიტი. ყოველი 5 შემთხვევიდან მხოლოდ ერთში არის გამოხატული სიმპტომები, რომელიც გრძელდება 2–7 დღე. ლეტალობა არ ახასიათებს.
– არსებობს ვაქცინა, რომლითაც შესაძლებელია პრევენციის მიზნით თავიდან ავიცილოთ ეს ვირუსი?
– პრევენციისათვის ვაქცინა ან სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. „ზიკას“ დაავადების პრევენციული ღონისძიებებია კოღოების კბენისგან თავის დაცვა რეპელენტების, სპეციალური ბადეების მეშვეობით, გრძელმკლავიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმლის ტარება არაკეთილსაიმედო ქვეყნებში მოგზაურობისას.
– რაც შეეხება მკურნალობას, შესაძლებელია მკურნალობა სახლის პირობებში, თუ უმჯობესია, ექიმს მიმართო?
– ექიმს, ყველა ვირუსის შემთხვევაში უნდა მიმართონ და ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა ჩატარდეს მკურნალობა. რაც შეეხება „ზიკას“ ვირუსის მკურნალობას – სიმპტომების მიხედვით. კლინიკური სურათიდან გამომდინარე, დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. „ზიკას“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება პჯრ და სეროლოგიური კვლევის მეთოდები.
მსოფლიოში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ამ ეტაპზე „ზიკას“ დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებები არ არსებობს. ის ციებით, გამონაყარითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. ვირუსი განსაკუთრებით საშიში იმითაა, რომ ახალშობილების თავის ტვინს აზიანებს. სააგენტო „როიტერის” ცნობით, ბრაზილიაში უკვე მიკროცეფალიით დაავადებული ათასობით ახალშობილი დაიბადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ტროპიკულ ქვეყნებში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს მოუწოდებენ, იქ არსებული ვითარებით დაინტერესდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ იქ გამგზავრების გადაწყვეტილება. ორსულ ქალებს რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
„ზიკას“ ვირუსი (ZIKV) მიეკუთვნება Flaviviridae-ს ოჯახს, Flavivirus-ის გვარს. ვირუსის ტრანსმისიული გზით გადაცემა ხდება კოღოების (Aedes) სხვადასხვა სახეობის მეშვეობით (ინკუბაციური პერიოდი კოღოს კბენიდან 3 –12 დღე), ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტით.
„ზიკას“ ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები აღწერილია 1947 წლიდან აფრიკასა და აზიაში, ხოლო 2000 წლიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
ბრაზილიაში 2015 წლის მაისში „ზიკას“ დაავადების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა, შემდეგ დაავადება გავრცელდა ბრაზილიის 18 შტატში, ასევე მეზობელ ქვეყნებში: კოლუმბიაში, სალვადორში, გვატემალაში, მექსიკაში, პანამაში, პარაგვაიში, სურინამიში, გონდურასსა და ვენესუელაში.
2015 წელს აფრიკის კაბო-ვერდეში აღირიცხა „ზიკას“ დაავადების 1000 სავარაუდო შემთხვევა, 64 სისხლის ნიმუშიდან 17 აღმოჩნდა დადებითი „ზიკას“ ვირუსზე. ევროპაში 2015 წელს აღრიცხულია ერთი სურინამიდან იმპორტირებული შემთხვევა ნიდერლანდებში, ხოლო 2016 წელს ერთი შეტანილი შემთხვევა ჰაიტიდან გერმანიაში.
2015 წელსვე ბრაზილიაში მიკროცეფალიით დაავადებული ახალშობილიდან იქნა გამოყოფილი „ზიკას“ ვირუსი. ორსულობის პერიოდში დედის ამ ვირუსით ინფიცირება ზრდის ნაყოფში მიკროცეფალიის განვითარების რისკს, რადგან ვირუსს აქვს უნარი, ტრანსპლაცენტარულად შეაღწიოს ნაყოფში. ბრაზილიის 20 შტატში 2015 წელს 2401 მიკროცეფალიის შემთხვევა (მათ შორის 29 ლეტალური შედეგით) აღირიცხა, 2014 წელს 147, 2013 წელს 167 შემთხვევა. მიკროცეფალიის 134 შემთხვევაში დადგენილია ახალშობილის „ზიკას“ ვირუსთან კავშირი (ბავშვის დედას გადატანილი აქვს დაავადება ორსულობის პერიოდში). დანარჩენი შემთხვევების კვლევა გრძელდება. ასევე აღწერილია „ზიკას“ ვირუსით გამოწვეული დაავადების გართულების შემთხვევები გიენ-ბარეს და სხვა ნევროლოგიური სინდრომით.