საუდის არაბეთში „დელტას“ ჯავშანმანქანის პირველი ნაკადი ხვალ გაიგზავნება – რა მახასიათებლებისაა მანქანა, რომელმაც აშშ-ში წარმოებული ტექნიკა დაამარცხა

საუდის არაბეთში „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანის პირველი ნაკადი ხვალ გაიგზავნება. როგორც ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კონტრაქტის მიხედვით საქართველოსგან საუდის არაბეთი 120 ჯავშანმანქანას შეიძენს, პირველ ეტაპზე კი 12 მანქანა გაიგზავნება.
ჯავშანმანქანა თბილისში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტაშია“ აწყობილი. ის სამედიცინო საევაკუაციო მანქანაა. მისი ძირითადი მოვალეობაა, ბრძოლის ველიდან გამოიყვანოს დაჭრილები და ისინი უხიფათოდ მიიყვანოს ჰოსპიტალში. ამ მანქანით შესაძლებელია 4 დაჭრილის მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანა. სხვა ქვეყნების ასეთივე დანიშნულების მანქანებს, როგორც წესი, 2 დაჭრილი გადაჰყავთ. გარდა დაჭრილებისა, იქ არის ადგილი სამედიცინო მუშაკისთვის. მისი ჯავშანი არის ორმაგი.
„ როგორც წესი, ერთ ჯავშანს ტყვია ხვრეტს, ტყვია რომ გახვრეტს ამ ჯავშანს, ის კარგავს თავის ენერგიას. ამის შემდგომ მას მეორე ისეთივე კედელი ხვდება. ამ ორ კედელს შორის მანძილი უნდა იყოს. ისინი არც მიტყუპებულები უნდა იყოს და არც ძალიან დაშორებულები. ის უნდა იყოს ტყვიის სიგრძეზე ისე გათვლილი, რომ როდესაც ტყვია შიგნით შევა, ის უკვე მეორე კედელს არა წვერით, არამედ გვერდულად დაეჯახოს, რომ ჯავშანგამტარი თვისებები დაკარგოს. თითოეული ამ მანქანის მასა 8 ტონაზე ოდნავ მეტია. მისი შასი ამერიკული „ფორდ 550“ ტიპის პიკაპიდან არის აღებული“,- განაცხდა ირაკლი ალადაშვილმა.
რაც შეეხება ფასს, ალადაშვილის განცხადებით, ის ას მანქანაზე 120 მილიონს შეადგენს.
„დოლარებში რომ გადავიყვანოთ მანქანის ფასი, დაახლოებით 330 -340 000 დოლარი გამოვა“, – აღნიშნა ალადაშვილმა.
სამხედრო ჟურნალისტის განცხადებით, საერთაშორისო იარაღის ბაზარზე საქართველოს მოხვედრა გარღვევაა. მისი თქმით, როგორც წესი, იარაღის საერთაშორისო ბაზარი გაჯერებულია ყველა სახის იარაღით და იქ დომინირებენ ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც წელიწადში ათობით მილიარდის შეიარაღებას ყიდიან. ამ ბაზარზე მოხვედრა ისეთი დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, თითქმის წარმოუდგენელია.
„ჩვენ შევძელით, მოგვეგო ეს ტენდერი. საქართველო იყო ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც ამ ტენდერში მონაწილეობდა. ამ ტენდერში 6-7 მანქანა მონაწილეობდა, მანქანები იყო აშშ – დან და წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან. აქ ალბათ იმუშავა იმანაც, რომ ჩვენთან ეს მანქანა, მისი აწყობა, მუშახელი… შედარებით იაფი ღირს. ტექნიკურადაც უფრო გამართული ჩვენი მანქანა გამოვიდა. საუდის არაბეთის სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამმართველოს წარმომადგენლებმა საოცრად დეტალურად შეისწავლეს მანქანა. საუდის არაბეთი თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკას ყიდულობს. ასე რომ, ჩვენი ჯანშანმანქანის კონკურენტიანობა მსოფლიო ბაზარზე იზრდება“,- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
ალადაშვილის განცხადებით, საქართველოს ჯარების შემადგენლობაში ასეთი ტიპის მანქანა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. მისივე განცხადებით, დაახლოებით ამ ტიპის მანქანა არა მარტო ბრძოლის დროს გვჭირდება, ის საჭიროა მაშინაც, როდესაც რაიმე ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები