„ნიკო სამადაშვილი 120“ – ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეტ ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა – „ნიკო სამადაშვილი 120“ გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.
ექსპოზიცია ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებამ მოამზადა. მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს ჩატარებული სამუშაოსთვის.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალები – ნიკო სამადაშვილის ხელნაწერები და ფოტოები პოეტის შვილის, ნუგზარ სამადაშვილის საოჯახო არქივიდან, ასევე პოეტის პირადი ნივთები და სხვადასხვა წელს გამოცემული კრებულები.
ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა თამარ ხიზამბარელმა და დარეჯან თეთრაშვილმა ნიკო სამადაშვილის შემოქმედების ტექსტური ბიბლიოგრაფია მოამზადეს, რომელიც ციფრულ ბაზა „ივერიელშია“ განთავსებული. გამოსაცემად მომზადებულია პოეტის 130 ლექსის კრებულიც, რომლის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია გოჩა სხილაძე. პოეტის ლექსები განთავსებულია ასევე ციფრულ ბაზაში „სასკოლო ლიტერატურა“.
კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოფენის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა:
„ამ დარბაზში შევიკრიბეთ არა უბრალოდ გამოფენისთვის, არამედ იმისთვის, რომ გულით, სიტყვითა და ხსოვნით მივაგოთ პატივი იმ პოეტს, რომლის ხმა ქართულ ლექსში გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა, და რომლის მუხტიდან წარმოშობილი განწყობა დღემდე არ განელებულა. დღეს საქართველო ზეიმობს ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს და ეს არა მხოლოდ წარსულის მოფრთხილებაა, არამედ მომავალსაც ვუტოვებთ იმ ნათების ნაწილს, რომელიც მისი ლექსიდან მოედინება. ნიკო სამადაშვილი – ეს სახელი თითქოს ფესვად არის გადგმული ჩვენი ლიტერატურული მეხსიერების ნიადაგში. ეს არის ხმა, რომელიც იმ საუკუნოვან გზაზე გვახვედრებს, სადაც სიტყვა მუდამ ნათელს ჰგავდა. მისი პოეზია შიგნიდან ანათებს, რადგან იოანე მოციქულის თქმისა არ იყოს, ნათელი იგი ბნელსა შიგან სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
სუზან ზონტაგი წერდა, პოეზია მცირე ანათალია დროისა, საიდანაც მარადისობა ელვარებსო. სიტყვას თავისი სრული განზომილებით და ძალით მხოლოდ ჭეშმარიტი პოეტი ფლობს. ნიკოს სიტყვაში მოცემული სამშობლოს მზეა – არც მთელმნათები და არც დამაბრმავებელი, არამედ თბილი, სახლისებური, მიწას რომ ეფერება. მისი პროსოდია, მისი პოეტური მეტყველება ისეთივე სიწრფოებით მოქმედებს, როგორც გერმანულ კლასიკურ მუსიკაში ჰანგი, როგორც როდენის ქანდაკებაში სიმძაფრე განცდისა, როგორც გალობა რუსთაველის პოემაში და დაფიქრება ჭვრეტასთან ერთად მის სეხნია ნიკოსთან – იგივე ტატო ბარათაშვილთან. მისი პოეზია შიგნიდან არის განათებული იმ ღრმა მორალით, იმ ხალხური სიბრძნით, რომელიც ხშირად წიგნებში შესაძლოა ვერ შეგვხვდეს, მაგრამ ძველი ტაძრის ჩრდილში, რომელიმე კუთხის სიმღერის სიტყვაში, არც რომ არავინ იცის, პირველად როდის იმღერეს, ან უძველეს სამარხში დაგხვდეს. დღემდე, თვალს თუკი გადავავლებთ ლიტერატურათმცოდნებით წერილებს და ესეისტიკას ქართულ სააზროვნო სივრცეში, თითქმის არსად გვხვდება ნიკო სამადაშვილის პოეზიის სტილისტური განსაზღვრა. ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, არის მხატვარ თემო ჯაფარიძის საკმაოდ მოზრდილი წერილი, რომელშიც ნიკოს პოეზიას „აგრესიული სიურეალიზმი“ უწოდა. რა თქმა უნდა, სიტყვა აგრესიული აქ სრულიად პოზიტიური კონნოტაციითაა ნახმარი.
კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი ბიბლიოთეკა თემო ჯაფარიძის ხსენებულ წერილს ყურადღებას მიაქცევს. ნიკოს პოეზია საერთოდ არ ყოფილა დაფასებული საბჭოეთში. მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებმაც მისი ლექსები გამოაქვეყნეს თავიანთ ლიტერატურულ თვითგამოცემაში „ოქროს საწმისი“. გალაკტიონის ერთი ლექსიდან იკვეთება აზრი, რომ წიწამურში ილიას მკვლელობით „ეპოქა დასრულდა დიდი“, მაგრამ ახლისკენ მიმავალი ხიდიც გამოჩნდაო. დღევანდელი გამოფენა სწორედ ამ ხიდზე გადადგმული ნაბიჯია – ნიშანია იმისა, რომ მის მემკვიდრეობას პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით და ვაცნობთ მომავალ თაობებს. ბიბლიოთეკის ეს საგამოფენო დარბაზი დღეს იქცევა არა მხოლოდ მეხსიერების ადგილად, არამედ მოქმედი დიალოგის სივრცედ – ადგილად, სადაც ნიკოს პოეზია კვლავ იღებს ხმას, კვლავ გვესაუბრება.
ჩვენი მოვალეობაა, არ დავივიწყოთ. ნიკოსნაირი შემოქმედნი კი სწორედ იმიტომ გვახსოვს, რომ ისინი სიტყვით ამკვიდრებენ საკუთარ ადგილს ერის გულში – და ეს ადგილი არ იცვლება. როგორც დიდი აკაკი ამბობდა – „სადაც არ უნდა იყო, სიტყვა იცოცხლებს!“ – და ნიკო სამადაშვილის სიტყვა დღესაც ცოცხალია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხელი მოჰკიდა ამ გამოფენის ორგანიზებას, ვინც გადაიღო, შეინახა, მოიძია, გადაარჩინა და გამოფინა ის, რაც ნიკოს შემოქმედებას უკავშირდება. ამით თქვენ არა მხოლოდ პატივს მიაგებთ კონკრეტულ პოეტს, არამედ ერს, რომელსაც ასეთი პოეტები ჰყავს.
„შენ დაგმარხავენ ბინდების ლხინით, სამრეკლო აშლის მთვლემარე მტრედებს, დაუშენს წვიმა, შორს ბალდახინი დიდხანს იკვნესებს და იჩერჩეტებს“.
მტრედი, როგორც სახე, აქ დროის სიმბოლო უნდა იყოს. დავფიქრდეთ: 120 წელი დიდი დროა. იმდენად დიდი, რომ ბევრ რამეს წაშლის დროის დინება. მაგრამ ის, რაც ჭეშმარიტი პოეზიიდან მოდის, არც ხუნდება, არც მკრთალდება. ნიკოს ლექსები სწორედ ასეთი ხმებია – დროის მტრედები, რომლებიც ისევ გვიბრუნდებიან. და ჩვენ, ვისაც ეს ლექსები გვესმის, ვალდებულნი ვართ მტრედებს არასდროს დავუკარგოთ თავიანთი ბუდე. დაე, ეს გამოფენა იქცეს არა მხოლოდ ხსოვნად, არამედ მომავლისკენ მიმართულ მზერად. „ის ლექსის გარდა არაფერს ჰქმნიდა, თვალნაცემივით შფოთავდა ხშირად, განა, ვისაც რომ ეს სენი სჭირდა, იმან შეგზარათ და შეგაშინათ? ის დაიღუპა ბედმოკრძალებით, ბნელოდა, სდუმდნენ დიდი ჭადრები და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები – მარადისობის ჭუჭრუტანები“!