FT: ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მოთხოვნები გაამკაცრა და ყველა საქონელზე 15-20%-იანი ტარიფის დაწესებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მოთხოვნები გაამკაცრა და ბრიუსელთან ნებისმიერ შეთანხმებაში მინიმალური 15-20%-იანი ტარიფის დაწესება დაჟინებით მოითხოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის პოზიცია მინიმალური ტარიფის ამჟამინდელი 10%-დან გაზრდის თაობაზე მიზნად ისახავს ევროკავშირის ტოლერანტობის ზღვრის შემოწმებას სავაჭრო შეთანხმებაზე კვირების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ.

როგორც წყაროები Financial Times-თან აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უარყო ევროკავშირის უახლესი წინადადება ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ და მზადაა, ისინი გეგმის მიხედვით 25%-ის დონეზე შეინარჩუნოს.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა FT-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად განიხილავს ევროკავშირთან ორმხრივი ტარიფების დაწესებას, რომლებიც 10%-ს გადააჭარბებს, მაშინაც კი, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება.

ეს ნიშნავს, რომ ევროპულ საქონელზე აშშ-ის ტარიფები, სულ მცირე, ისეთივე მაღალი იქნება, როგორც აპრილში სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებისას იყო.

ევროკავშირის დიპლომატებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ბრიუსელი საპასუხო ზომებისთვის ემზადება. საუბარია 21 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის ქათმის ხორცსა და ჯინსებზე, ტარიფების დაწესებაზე, რომელიც ძალაში 6 აგვისტოს უნდა შევიდეს, ასევე, 72 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის Boeing-ის თვითმფრინავებსა და ბურბონზე.

პარალელურად ევროკომისია აშშ-ის მომსახურების სექტორში ზომების მესამე ნაკრებს ამზადებს, მათ შორის, ამერიკული კომპანიების ციფრულ მომსახურებაზე გადასახადებს და ონლაინ რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტზე 30%-იანი ტარიფები ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები