თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში ახალი სკოლის, ხოლო სოფელ ორბეთსა და ვაშლოვანში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში, 70 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი სკოლის, ხოლო სოფელ ორბეთსა და ვაშლოვანში, 75 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ღოუბანში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სკოლას ექნება ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორია, რაც მოზარდებს პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს. გათვალისწინებულია, ასევე, ბიბლიოთეკის, სპორტული დარბაზისა და ღია მოედნების მოწყობა. სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება. პროექტის ღირებულება 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.

„სოფელ ორბეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის შენობაში მოეწყობა სკოლამდელი განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. სასწავლო ოთახების გარდა, მოეწყობა საძინებლები, ადმინისტრაციული და სამზარეულოს ოთახები, შიდა და გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.

სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნიკა კობახიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები