“დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა, ჯერ მანქანა დააჯახა მერე კი დანით ჭრილობები მიაყენა” – განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ცვლილება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდადებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე, დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო 2024 წლის 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ე’’ (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), „თ“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით), „კ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) და „მ“ (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები