დავით შერაზადიშვილი წალკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრ, რევაზ სოხაძესთან, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
გზის 71-ე კმ-ზე მიმდინარეობს რკინიგზის გზაგამტარის, ხოლო 74-ე კმ-ზე – წალკის ხევზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში და სრულად განახლდება.
რეაბილიტირდება 88 მეტრის სიგრძის გზაგამტარის სავალი ნაწილი და სანაპირო ბურჯების დაზიანებული უბნები, გამაგრდება მისასვლელი ყრილები, მოეწყობა ახალი ტროტუარი, მოაჯირები და ფოლადის კონსტრუქციის დამცავი ღობე.
ერთმალიანი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება: ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, სანაპირო ბურჯების დაზიანებული უბნების აღდგენა, ახალი ტროტუარისა და მოაჯირების მოწყობა.
სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის უსაფრთხოების ხარისხსა და მის გამტარიანობას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის.
ქალაქ წალკისა და სოფელ დაშბაშის 3200-მდე ბენეფიციარის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა შენდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, წყალმომარაგების ქსელისა და 1200-მდე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება და ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულება.