დაიბადა დმანისში. დაამთავრა დმანისის N 1 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ნ. კახიანის სახელობის სამედიცინოს ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე.
პროფესიით ექიმი, ფარმაცევტია. ამჟამად მუშაობს ფარმაცევტულ კომპანია „HOSPIMED-GEORGIA-ში.
პირველი ჩანახატი 16 წლისამ დაწერა. მისი ჩანახატები და მოთხრობები იბეჭდება: ლიტერატურულ ჟურნალებში – „ცისკარი“, „მწიგნობარი“, „ათინათი“, „ანეული“, „ჭოროხი“, „განთიადი“… ჟურნალებში: „ლიახვის ხეობა“, „გზა“.
გაზეთებში: „ლიტერატურული მესხეთი“, „ცხინვალის მაცნე“, „დმანისი“.
არის წიგნის „ჩემი ქვეცნობიერიდან“ ავტორი და რამდენიმე წიგნის თანაავტორი, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიბეჭდება.
არის სხვადასხვა ლიტერატურული ჯგუფის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
2025 წლის პრემია „ივერიის“ გამარჯვებული და წმინდა ილია მართლის ორდენის მფლობელია.
2024-2025 წლებში ჩატარდა მისი რამდენიმე პერსონალური საღამო.
„ჩემი ჩანახატები და მოთხრობები უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის არის, მათი შინაარსი მუდამ სევდიანია, რისი მიზეზიც არაერთხელ უკითხავს ჩემს მკითხველს, თუმცა მე პასუხის არ მაქვს… ეს ალბათ უფრო ადამიანისადმი უდიდესი სიყვარულია, რომელსაც ჩემი გონება და ქვეცნობიერი დაატარებს“. – მწერალ ნინო ჭელიძის პერსონა.
– ბავშვობა დმანისს უკავშირდება…
– დმანისი პატარა, მაგრამ მყუდრო და ლამაზი ქალაქია, ირგვლივ ფიჭვის ტყეებითა და მინდორ-ველებით გარშემორტყმული.
იმ სახლის წინ, სადაც ბავშვობა გავატარე, ხორბლის მინდვრები და მინდვრებს შორის ტყისკენ იკლაკნებოდა გზა, რომელიც ხრამის პირს მიუყვებოდა… ამ ადგილას ყოფნა ძალიან მიყვარდა… ხშირად წიგნი მიმქონდა და კითხვაში ისე სწრაფად გადიოდა დრო, დედა სანამ არ დამიძახებდა, დროს ვერ ვგრძნობდი.
ამ ადგილმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს შემოქმედებაზე. ეს მინდვრები სავსე იყო ცისფერი ღიღილოებით, ყაყაჩოებით, გვირილებით… ტყის გზას ბაყაყურები მიუყვებოდნენ… ყოველ დილით ვხედავდი ამ სილამაზეს. ამიტომაც დაილექა ჩემს ქვეცნობიერში და ეს ყვავილები ჩემი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი გახდა.
– პირველჩანახატი 16 წლისამ დაწერეთ….
– წერა ყოველთვის მიყვარდა, არ მახსოვს სკოლაში თემატური თემა დამეწეროს, სულ თავისუფალ თემებს ვწერდი. თუმცა პირველი სერიოზული ჩანახატი მაინც ვფიქრობ, რომ იყო „სისხლი“, 16 წლის ასაკში რომ დავწერე.
მაშინ მე-11 კლასში ვსწავლობდი. სკოლის წინ ვიდექი კლასელებთან ერთად… არ ვიცი, უცებ რა დამემართა… ვიგრძენი, როგორ აირია ჩემი გონება, რასაც ფიქრების კორიანტელი და მოუსვენრობა მოჰყვა თან. აუცილებლად უნდა დამეწერა. კალამი თან მქონდა, ფურცელიც. ეს ჩვევა დღესაც მაქვს… ის, რაც მუდმივად ჩემთან არის, ფურცელი და კალამია. მეგობარს ვთხოვე: შებრუნდი, შენს ზურგზე ჩანახატი უნდა დავწერო- მეთქი. ასე დაიბადა „სისხლი“… წლები რომ გავიდა, ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა, ბატონმა ნოდარ ჭიჭინაძემ ჯეიმს ჯოისს შეადარა… თუმცა მე ასე ვერ გავკადნიერდები.
18 წლის ასაკში, მაშინდელ „ცისკარს“ მივაკითხე. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების კარი ბატონმა ბაღათერ არაბულმა გამიღო. მანვე დამიბეჭდა „ხელები“; ქვეწარმავალი“; ჩემი მახინჯი ფეხები“ და ა.შ.
„ცისკარში“ ჩემი ჩანახატების და ნოველების დაბეჭდვა დიდი ბედნიერება იყო დღესაც და მაშინაც… 18 წლის ასაკში. არასოდეს დამავიწყდება, სკოლიდან დაბრუნებულმა ჩემმა გიორგიმ რომ მითხრა: „დედა, იცი, „ცისკარში“ დიდი მწერლები იბეჭდებოდნენ და შენი ნაწარმოები მართლა იქ დაიბეჭდაო“ …

– რატომ მედიცინა და ფარმაცევტობა, როცა შემოქმედებითი ნიჭი გქონდათ?
– ვფიქრობ და ვიცი კიდეც… ეს ორი რამ განუყოფელია ერთმანეთისგან, ვინაიდან ჩემს შემოქმედებას და პროფესიას ადამიანი და ადამიანური ტკივილები აერთიანებს…
ჩემს შემოქმედებაში ხშირად ნახავთ და ზოგიერთი ჩანახატი პირდაპირ აწყობილია ადამიანის სხეულის ნაწილებზე…
დიახ, ჩემი სხეული სისხლძარღვებით, მზის წნულით, ნადედარი სანიშნეებით დედამიწაა ჩემს ქვეცნობიერში… სხეულით ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც გადმოვცემ. ხშირად მტკივა მარცხენა ხელი… ჩემს შემოქმედებაში ამ ფენომენს უდიდესი ადგილი უკავია.
რეალურად მაქვს დაკოჟრილი ხელები, ვინაიდან მიწასთან ყოფნა მიყვარს… და სხვისი ცრემლი ხშირად ჩემს სახეზე, ჩემს ნაოჭებში მოედინება.

– ჩანახატებსა და მინიატურებში ღრმა ფსიქოლოგიზმი იკითხება. როგორ იწერება თქვენი ნოველები?
– ჩემი წერის პროცესი არ არის ხანგრძლივი, სადაც მოდის აზრი, იქვე უნდა გადავიტანო ფურცელზე. ჩემთან მოდიან აწყობილი, გამზადებული ფრაზები, ფურცელზე გადმოსატანად. ამ შემთხვევაში უბრალოდ მათი მონა ვარ და მხოლოდ ეს მევალება: გადმოვიტანო ფურცელზე… ხშირად ჩანახატი სრულად მოსულა, თავისით…
მე ძალიან იშვიათად ვასწორებ ჩანახატებს, რადგან, როგორც კი შევეხები მათ, აზრს და შინაარსს იცვლიან… ისე თითქოს მე კი არა სხვა წერდეს ვინმე. ისინი ცოცხალზე უფრო მეტად ცოცხლები არიან და როგორც ვერ შეეხები ადამიანის სიცოცხლეს, ისე ვერ ვეხები მათ.
მე ვხედავ ემოციებს, ფიზიკურად… საკუთარ ქვეცნობიერში. ვხედავ ომს, რომელზეც ვწერ… მე იქ ვარ, ჩემს ქვეცნობიერში, სადაც არასოდეს ვყოფილვარ რეალურად.
ასე დავწერე: „თამარაშენში უპოვიათ“. ეს არის ჩანახატი დედაზე, რომელიც ომის დროს. ეკლესიასთან საკუთარ გულამოგლეჯილ შვილს იპოვის.
საოცარია, მაგრამ როდესაც მკითხველმა თავად დაარქვა ამ გმირს რეალურად არსებული ვეფხია თუთარაშვილის სახელი… მე მაშინ მითხრეს, რომ ის, რაც მე შეუცნობლად დავწერე, რეალური ისტორიაა.

– ნოველები მხოლოდ ფანტაზიით იწერება თუ ჰყავთ პროტოტიპები?
– ჩემი ნოველები არასოდეს იქმნება ფანტაზიით და არც პროტოტიპები ჰყავთ. ჩემი ნოველები არის ნამდვილი ისტორიები, ნამდვილი სახელებით და გეოგრაფიული ადგილებით.
არასოდეს ვცვლი გმირების სახელებს და არც სიუჟეტს ვიგონებ… უბრალოდ ვუსმენ ადამიანებს და შემდეგ მადლობას ვეუბნები მათ, იმის უფლებას რომ მაძლევენ, მათი ტკივილი მე ვატარო გულით და კალმით.
ასეა ნოველები „გომარული ჩანახატებიდან“, გომარეთი ჩემი სოფელია და ხშირად ვწერ მათზე. დიდი სიყვარული გამოხატეს მზე-სოფლის ხალხმა ჩემ მიმართ, დამაჯილდოვეს სიგელით: „გომარეთის ისტორიის გაცოცხლებისთვის“
ეს არის პატარა, ნამდვილი ისტორიები ჩვენს დიდედებზე. მზესუმზირებზე, კალოზე, ხორბალსა და ჩეჩილ ყველზე.

– ერთი ნოველის ისტორია….
– ერთი ნოველა ქუთაისში მოვისმინე….
ერთი მთელი ცხოვრება ვატარე გულით…
ერთი გომარეთ-სოფლის ხალხმა მიამბო…
ნოველას ნოველა დაემატა და ჩემს პირ-სახეზე აღიბეჭდა..
სულო ჩემო, ჩემი სახის მწერლად რომ ქცეულხარ
და… ადამიანებისთვის მიგინდვია მისი ამოკითხვა.
– რატომ არის ჩანახატები სევდიანი?
– აქაც ამონარიდს მოვიშველიებ ჩემი წიგნის წინასიტყვაობიდან:
პირველად ადამიანი რომ შევიცანი ჯერ დედის გულს ვეხვეოდი პატარა, დაუკოჟრავი ხელებით… რომ დავიბადე და შევიგრძენი, ჩემმა ქვეცნობიერმა საკუთარ „მე“-ში მარადიულობად აქცია ადამიანის ფენომენი. რომ არ შემშინებოდა, თვალებზე ხელები ავიფარე და ისე გავუდექი ჰორიზონტს, მიღმა მიმავალ გზას…
ჩემი ლიტერატურული ჩანახატები უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მისი შინაარსი მუდამ სევდიანია, რისი მიზეზიც არაერთხელ უკითხავთ ჩემს მკითხველებს, თუმცა მე პასუხი არ მაქვს. ეს ალბათ უფრო ადამიანის მიმართ უდიდესი სიყვარულია, რომელსაც ჩემი გონება და ჩემი ქვეცნობიერი დაატარებს.

– თან მუშაობთ, თან წერთ… მუშაობა, ოჯახი და შემოქმედება… დროს როგორ ანაწილებთ? როდის წერთ და შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ვწერ ყველგან…გზაში, სამსახურში, რიგში…
განსაკუთრებით კი ჩემს სამუშაო ადგილას… ჩემს მაყვლოვანში, საკუთარი ხელებით რომ შევქმენი ჩემს ეზო-კარში.
წერას ცალკე დრო არ სჭირდება..ის ყველა ჩემს ქმედებას ახლავს თან, მუდამ მაქვს კალამი.
ოჯახში ორი კაცი მყავს: ლევანი და ჩემი გიორგი.
მადლობელი ვარ მათი, ყოველთვის იქ არიან სადაც უნდა იყვნენ..ეს მე ძალიან მეხმარება.
ოჯახისთვის რა თქმა უნდა დრო ძალიან მაკლია.
– კრებული ,,ჩემი ქვეცნობიერიდან“…
– ეს წიგნი თავად არის ჩემი ქვეცნობიერი.
რისი თქმა მინდოდა?
ამონარიდს მოვიშველიებ ჩემი წიგნიდან:
თუ შენი ტკივილის დავიწყება გინდა, სხვის ტკივილს მოუსმინე. იქნებ მის მზესაც ჩამოსტეხია დაღლილი სხივები“…
– შემოქმედებითი საღამოებიდან რომელს გამოარჩევდით…

– გამორჩევას ალბათ ვერ შევძლებ, რადგან თითოეული მათგანი ჩემი სხეულის სხვადასხვა ნაწილს უკავშირდება… სისხლმდინარ ტერფებს, დაკემსილ თვალებს, ნათიბარ მინდვრებს. დმანისი, თბილისი, გორი… თითო უჯრედს ვტოვებ სტუმრობისას…
ასე ილევა სიცოცხლე და თანდათან დგება მარადიულობა.
მხოლოდ სკოლებს აღვნიშნავ:
ჩვენს მზე-სოფელს, გომარეთს რომ ვესტუმრე… თეთრგულა და თეთრფურცელა ჟასმინით მოეფინათ ჩემთვის გზა….
განთიადს რომ ვესტუმრე… ჩემი ფიქრები ფურცლებზე ამოებეჭდათ და კედლებისთვის მიუბარებიათ მცირე ხნით შესანახად.
– პირველად ვის უკითხავთ თქვენს შემოქმედებას?
– დედას!
არასოდეს დამავიწყდება.
მაშინ, იქ, დმანისში… ღამით რომ ვწერდი,
ჩემი დედა იმ ფეხისგულებს მითბობდა, ახლა დახეთქილი ტერფებით რომ დაიარება ჩემს ქვეცნობიერში.
– ჰობი…
– მიწა მიყვარს,
მიწასთან მუშაობა.
მიწაზე შრომა. პატარა ბაღი მაქვს… ვარდებით, ყვითელგულა გვირილებით, წითელგულა უმწიფარი მაყვლოვანით და მზისთავიანი ლილიფარებით სავსე.
– ოჯახი… მეუღლე: ლევან პაპაშვილი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობს. ვაჟი: გიორგი პაპაშვილი, 12 წლისაა….

– ოჯახი მაქვს პატარა და დიდგულა.
ორი კაცი მყავს ოჯახში.
ერთი უფროსი ლევანი, ნაომარი. ცხინვალელი. იქ დატოვებული გულით.
გაზაფხულზე მუდამ განსაკუთრებით ელოდება მერცხლებს… იქაური ამბები მოაქვთო ჩემთვის…
მეორეც უფროსია, ჩემი გიორგი!
ცხინვალელი კაცი ვარო, გაიძახის..
მისი დაბადებიდან ჯერ მხოლოდ 13 წელი გავიდა.
ისე 8 აგვისტოს დაიბადა. ორმაგად ცხინვალელია.

– სამომავლო გეგმები.
– მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს, მასალა უამრავი.
გარდა იმ ჩანახატებისა და ნოველებისა, რომელსაც უკვე იცნობს ჩემი მკითხველი, ახალი მიმართულება მაქვს.
ჩვენ, ფარმაცევტებმა, კარგად ვიცით GDP- სტანდარტი. ჩემი ახალი მიმართულებაც მას უკავშირდება…
გაგიკვირდებათ და… ჩემი GDP- ური ჩანახატები, რომელიც მსუბუქ, იუმორშერეულ სტილშია დაწერილი და სწავლების პერიოდს, ემოციებს, სიახლეებს, შეცდომებსა და უცხო ტერმინებში გაკვალულ გზას უკავშირდება.
ცხადია ჩემი სამომავლო გეგმებიც ახალ წიგნებს მოიაზრებს, თუმცა რთულია, ვინაიდან სულიერი ემოციების გარდა, ფინანსურ ემოციებსაც უკავშირდება.
თამარ შაიშმელაშვილი