რუსეთი რამდენიმე დღეში ან კვირაში დაიწყებს გაძლიერებულ ზაფხულის შეტევას, რომელშიც შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს 160 000 ჯარისკაცმა, რომლებიც ამჟამად ფრონტის ხაზთან არიან კონცენტრირებულნი. ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ სამ რაიონში გააუმჯობესა თავისი პოზიციები: პოკროვსკის, კუპიანსკისა და კოსტიანტინივკას მახლობლად.
ანალიტიკოსებმა გამოცემას განუცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წაყენებულ ულტიმატუმში დადგენილი ახალი 50-დღიანი ვადა კრემლის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის მიზნებისთვის ხელსაყრელია. კერძოდ, „ჩატჰემ ჰაუსის“ წარმომადგენელი საირუს ჯაილსი მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვს დიპლომატიურ ასპარეზზე სივრცეს აძლევს.
„50-დღიანი ვადა რუსეთს საკმარის დროს აძლევს, შეიმუშაოს საკუთარი ალტერნატიული გეგმა და კვლავ გაასწროს ვაშინგტონს დიპლომატიური ხრიკით, რომლის მიღებაც ტრამპს შესაძლოა სურდეს… ტრამპის მიერ პუტინისთვის პირობითი ვადების ბოლო გახანგრძლივება უკრაინის ტანჯვას იმავე თვითნებური პერიოდით ახანგრძლივებს“, – აღნიშნა ჯაილსმა.
ანალიტიკური ცენტრის, „ახალი ევრაზიული სტრატეგიების“ საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯონ ლოფმა განაცხადა, რომ ზაფხულის შეტევა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და „რუსები, უდავოდ, გააძლიერებენ ძალისხმევას როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში“.
მისი თქმით, უკრაინის ქალაქებზე ბოლო დროს განხორციელებული საჰაერო დარტყმები მოსკოვის ფრონტის ხაზზე ნელი წინსვლის ანარეკლია და მიზნად ისახავს „მოსახლეობის დემორალიზაციას და მისი ბრძოლის სურვილის შესუსტებას“.
„პუტინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ კამპანიის მიმდინარეობის მიმართ ნდობას გამოთქვამს და აღიარებს, რომ უკრაინელებს ადამიანური რესურსები და გარკვეული შეიარაღება არ გააჩნიათ“, – განაცხადა ლოფმა და დასძინა, რომ მოსკოვი უკრაინის თავდაცვითი ძალების დაშლას იმედოვნებს.