გიორგი ცუცქირიძე: SWIFT-ი არ არის გადახდის სისტემა და არც ფული მოძრაობს – ოპოზიციის მიზანია, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ, რუსულ-ჩინურ გეოპოლიტიკურ ღერძზე ხელისუფლების საგარეო ვექტორის ცვლილება წარმოაჩინოს
რადგან ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტთა ნაწილი სპეკულირებს როგორც SWIFT-ის ალტერნატივაზე დასავლური ორბიტიდან გადახვევის გამო, მსურს განვმარტო, რომ SWIFT-ი არ არის გადახდის სისტემა, ის ინფორმაციის გაცვლის სატელეკომუნიკაციო სისტემაა და შესაბამისად, არც ფული მოძრაობს, მოძრაობს მხოლოდ ინფორმაცია კონტრაგენტებს შორის, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ, წარმოაჩინოს ხელისუფლების საგარეო ვექტორის ცვლილება რუსულ-ჩინურ გეოპოლიტიკურ ღერძზე, თითქოს მოსალოდნელი სანქციები ეროვნულ ბანკზე და საბანკო სექტორზე უკვე გადაწყვეტილი იყოს.
„დღეს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS – Cross-Border Interbank Payment System) პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში. მიმაჩნია, რომ ინტერესი აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ჩინეთის სტრატეგიულ ფინანსურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, როგორც იუანის გამოყენების გაფართოების პლატფორმას გლობალურ ვაჭრობასა და ფინანსებში.
ამ საკითხს წინა პოსტში უკვე შევეხე, თუმცა რადგან ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტთა ნაწილი სპეკულირებს როგორც SWIFT-ის ალტერნატივაზე დასავლური ორბიტიდან გადახვევის გამო, მსურს განვმარტო, რომ SWIFT-ი არ არის გადახდის სისტემა, ის ინფორმაციის გაცვლის სატელეკომუნიკაციო სისტემაა და შესაბამისად, არც ფული მოძრაობს, მოძრაობს მხოლოდ ინფორმაცია კონტრაგენტებს შორის. ამ დროს CIPS-ი არის გადახდის სისტემა და შესაბამისად, ჩინური სისტემით ხორციელდება კლირინგი; ამასთან, SWIFT-ის საშუალებით იცვლება ინფორმაცია მულტივალუტების მოძრაობის შესახებ: აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი, იაპონური იენი და ა.შ.
თავის მხრივ, CIPS ერთვალუტიანი ანგარიშსწორების სისტემაა, სადაც ანგარიშსწორებას მხოლოდ ჩინურ იუანით ახდენს ანუ დოლარის ტრანზაქციებს არ აკეთებს და შესაბამისად არც ანაცვლებს.
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ვაჭრობაში SWIFT-ს ალტერნატივა არა აქვს, უახლოეს 10-15 წელიწადში მაინც. წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ჩინეთის გარდა CIPS-ს იყენებს ამერიკის, ევროპის და აზიის 180 და მეტი ქვეყნის ათასობით ფინანსური ინსტიტუტი. ამ ბანკებს პარალელურად სვიფტიც აქვთ, ამასთან, იმ ქვეყნებისთვის, ვინც ჩინეთთან ვაჭრობს იუანში პირდაპირი ტრანზაქციები, ამცირებს ხარჯებს და მომგებიანია დროის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, CIPS-ით ანგარიშსწორება უფრო იაფი უჯდებათ, დივერსიფიკაციის მიზნით წევრიანდებიან და არა მხოლოდ ბრიქსის ქვეყნების ინსტიტუციები, როგორც ამის წარმოჩენა სურთ.
თუ რა მიზანი აქვს ოპოზიციის მხრიდან ამ თემის არასწორ ინტერპრეტაციებს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ადგილობრივი არჩევნების წინ, წარმოაჩინოს ხელისუფლების საგარეო ვექტორის ცვლილება რუსულ-ჩინურ გეოპოლიტიკურ ღერძზე, თითქოს მოსალოდნელი სანქციები ეროვნულ ბანკზე და საბანკო სექტორზე, იყოს უკვე გადაწყვეტილი და მოსახდენი ამბავი. ამიტომ აქვთ მუდმივად აქცენტები გადატანილი საერთაშორისო იზოლაციაზე და სანქციებზე. ამით კი სურთ ზეგავლენა მოახდინონ დეპოზიტართა განწყობებზე და სავალუტო კურსზე, თავისი შორს მიმავალი ნეგატიური შედეგებით.
რაც შეეხება ამ სისტემაში ქართული კომბანკების ჩართვას, ის პირველ რიგში უნდა განვიხილოთ დივერსიფიკაციის კუთხით, როგორც გადახდის დამატებითი პლატფორმა და არა სვიფტის ჩამნაცვლებელი ალტერნატივა, ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის ფინანსურ ჰაბად გადაქცევის კონტექსტში. პირიქით, საერთაშორისო ბანკების მსგავსად, გააფართოებს და გააიაფებს ქართული ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან საკუთარი კლიენტების მომსახურების ხარისხს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.