გამოიყენებს თუ არა პროკურატურა სააკაშვილის მიმართ იძულებით ზომებს?

  საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან იმ საქმეების ჩამონათვალს, რომელზეც გამოძიებას კითხვები ყოფილ პრეზიდენტთან აქვს, კიდევ ბევრი საქმე უნდა მიემატოს, – ამის შესახებ „კვირას“ პოლიტოლოგმა კახი კახიშვილმა განუცხადა. კახიშვილის შეფასებით, საქართველო 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა იმ რეჟიმში, როცა არათუ სერიოზულ გადაწყვეტილებას, არამედ ფასადის ფერსაც კი მიხეილ სააკაშვილს უთანხმებდნენ. პოლიტოლოგი მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების შემდეგ ვარაუდობს, რომ ამ საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩენს. კახიშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების მიზეზებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან.
„მე რაც წავიკითხე საქმეების ჩამონათვალი, ჩემი აზრით, უფრო მეტ საქმეზეც კი უნდა განხორციელდეს სააკაშვილის დაკითხვა და ამ საქმეებს სხვებიც დაემატოს. ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში იყო ისეთი სისტემა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სააკაშვილის გარეშე ვერ იღებდნენ. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მიმართ იქნება კითხვები. გამოძიება, ალბათ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკვე სააკაშვილის დაკითხვა გახდა საჭირო. „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ამ საკითხის წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ისინი აუცილებლად იტყვიან, რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საწინააღმდეგო კამპანია პროდასავლური სააკაშვილის მიმართ. „ნაციონალები“ ცდილობენ, ყველა წმინდა სამართლებრივი საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ და ნაწილობრივ ეს გამოსდით კიდეც. „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკა მეტად უცნაურია, როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი ერთ დღეში პასუხიმგებლობაში მისცეს, ეს იყო დემოკრატია და სააკაშვილის დაკითხვაც კი თურმე არადემოკრატიულია“,- განაცხადა კახი კახიშვილმა.
კახიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ნებით არ გამოცხადდება დაკითხვაზე, პროკურატურას უფლება აქვს, იგი იძულებით მიიყვანოს დაკითხვაზე. მანვე პროკურატურის არგუმენტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით რომ სააკაშვილს კარგი კავშირები აქვს დასავლეთთან, აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოს მყარი არგუმენტების ჰქონდეს, რის მიხედვითაც სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, კითხვები აღარავის დარჩება.
„სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა. აქედან გამომდინარე, ის უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას. მოწმის არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების შემთხვევაში გამოძიების ორგანოს უფლება აქვს, იძულებით ღონისძიებებს მიმართოს. არ ვიცი, რამდენად მიმართავს პროკურატურა იძულებითი მიყვანის წესს. სააკაშვილს ძალიან კარგი კავშირები აქვს დასავლეთში და იმისთვის, რომ ეს საკითხი არ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, პროკურატურას უნდა გააჩნდეს სააკაშვილის დაკითხვის მოთხოვნის ძალიან მკაფიო საფუძვლები. თუ დაინტერესების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუდასტურებს, რომ მისი მოწმის სახით დაკითხვა გარდაუვალია, მაშინ კითხვის ნიშნები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღარ იქნება, მაგრამ თუ პროკურატურამ დატოვა თეთრი ლაქები და ვერ დაასაბუთა დაკითხვის აუცილებლობა, მაშინ ისინი წააგებენ პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. იმ საქმეებზე, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, სააკაშვილს აუცილებლად უნდა სცოდნოდა შედეგები,“- განაცხადა კახა კახიშვილიმა.
27 მარტს პროკურატურაში სააკაშვილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ მოწმის იძულებითი წესის გამოყენება ივარაუდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემაც, თუმცა მანვე სააკაშვილის არც დისტანციურად და არც ადგილზე დაკითხვის შესაძლებლობაც გამორიცხა.
„ყოფილ პრეზიდენტზე იმუნიტეტი არ ვრცელდება და ის ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. იმედია, რომ იძულებითი მექანიზმები საჭირო არ გახდება. სისხლის სამართლის კოდექსი ასევე დისტანციური დაკითხვის მექანიზმსაც ითვალისწინებს და შეიძლება პირი ისე დაიკითხოს, რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს, მოწმე ასევე შესაძლოა, ადგილზეც დაიკითხოს, ანუ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ, სადაც ამჟამად საააკაშვილი იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი ყველა ამ მექანიზმზე უარს იტყვის და არ მისცემს ჩვენებას გამოძიებას, მაშინ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა დანაშაულია”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.10151648_733549920023188_1581082068_n
მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება პოლიტიკურ ჭრილში პროკურატურის განცხადების გამოქვეყნების დღესვე გადავიდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის.
“მაშინ, როდესაც ჩვენ – ყველა, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყველა პარტნიორი, თავისუფლებისა და ევროპული უსაფრთხოების გულშემატკივრები ფიქრობენ, როგორ უპასუხონ რუსეთის აგრესიას ჩვენს რეგიონში, ჩვენი მთავრობა აგრძელებს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს ოპონენტების პოლიტიკური დევნა”, – აღნიშნავს ბოკერია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების ფორმა პოლიტიკური დევნის დემონსტრირებაა. მანამ, სანამ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დაკითხვის უწყისს ოფიციალურად გაუგზავნიდა, ყოფილმა პრეზიდენტმა მის შესაძლო დაკითხვაზე ბრიუსელში კომენტარი გააკეთა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ბინძურ ინტრიგებში“ ჩართვას არ აპირებს. სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობა დღეს პირადი ბოღმისა და ღვარძლის გამო შურისძიებითაა დაკავებული. “არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში, რომელსაც გეგმავენ და რომელსაც სრულიად კონკრეტული სარჩული აქვს. ნამდვილად არ ვმონაწილეობ. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა შესაბამისად აგებს პასუხს. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის – საერთაშორისო არენაზე… ნუთუ არ გვესმის, რა მდგომარეობაშია საქართველო და რა კონკრეტული რისკებია დღეს. და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გამოვიყენოთ ჩვენი მდაბიო, ღვარძლიანი ამოცანების განსახორციელებლად? ასეთმა მიდგომამ საქართველო დაღუპა წარსულში და მრავალჯერ მოხვდა უცხოური დამპყრობლის ქვეშ. რამდენჯერ უნდა გაიმეოროს საქართველომ ერთი და იგივე შეცდომა. რამდენჯერ უნდა დავდგეთ პირადი ბოღმის, რაღაც ღვარძლის და შურისძიების ზემოთ და არ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. რითი არის დღეს დაკავებული საქართველოს მთავრობა. მსოფლიოს ტელეარხების, ტელეეთერების 90 პროცენტი დაკავებული მაქვს მე, ეს არ არის ყოფილი პრეზიდენტების საქმე. დღეს წყდება დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოს ბედი, დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკური სპექტრის გადასაწყვეტია ეს. მათი დრო რითია დაკავებული დღეს. გავა სულ ცოტა დრო და ძალიან შეგვრცხვება, რომ საქართველოს ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში წვრილმანი ვენდეტებით და წვრილმანი შურისძიებით ვიყავით დაკავებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად 2014 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე არის დაბარებული.
მთავარმა პროკურატურამ დღეს იმ საქმეების ჩამონათვალი გაავრცელა, რომელთან დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაიკითხება. პროკურატურას კითხვები მიხეილ სააკაშვილთან, ჟვანიას გარდაცვალებისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და ბოლო წლების განმავლობაში გახმაურებული დანაშაულების შესახებ აქვს.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები