„ლარის დევალვაცია, უმეტესწილად, გარეფაქტორებით არის გამოწვეული“ – როგორია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებელი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ლარის კურსის ცვლილებას გარე ფაქტორებით ხსნის. როგორც ტყემელაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საგარეო ფაქტორებთან ერთად, ლარის ვარდნის შიდა ფაქტორებიც არსებობდა, რომელიც დღეს აღარ არის.
პრობლემა ნაწილობრივ გადმორიცხვების შემცირებამ, ინვესტიციების შეფერხებამ და ექსპორტის კლებამ შექმნა, თუმცა, დეპუტატის განცხადებით, დღეს ყველა ეს მიზეზი აღმოფხვრილია. კურსის სტაბილურობა კი, უმეტესწილად, საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„ლარის დევალვაცია, პირველ რიგში, გარეფაქტორებით არის გამოწვეული. არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად რეგიონში ეკონომიკური კრიზისი მიმდინარეობს. კრიზისია სწორედ ის, როცა ნავთობის ფასი ასე ეცემა, თუმცა ეს ჩვენთვის კარგია, სწორედ ამან დაიცვა ლარი ინფლაციისაგან. არსებობდა შიდა ფაქტორებიც, რომელიც დღეს აღარ არსებობს, იყო გადმორიცხვების შემცირება, ინვესტიციების გარკვეული შეფერხება, ექსპორტის კლება… შემდგომ პერიოდში კი ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებსაც შესაძლოა, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მოჰყვეს, სტაბილურად არის ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ გარშემო არსებულ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი პირობები ეკონომიკური ზრდის კუთხით,  2015 წლის ეკონომიკური ზრდა 3%-ს შეადგენდა. დაგეგმილი იყო 5%- მდე, შემდეგ შემცირდა და პროგნოზი იყო 2% -მდე, თუმცა ფაქტობრივად ზრდა 2, 92%-ს გაუტოლდა. გაზრდილია ინვესტიციების შემოდინებაც. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ შემცირდა იმპორტი. ეს იმისთვის არის კარგი, მარტო იმპორტზე დამოკიდებული რომ ვართ, ლარის მდგომარეობაზე მოქმედებს. ამ ფონზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს ინფლაციის კუთხით, რადგან ინფლაცია სულ ცოტათი გადასცდა იმ მაჩვენებელს, რაც დაგეგმილი იყო“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
რაც შეეხება ლარის დასტაბილურებას, ტყემალაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ კურსის ცვლილება გარე ფაქტორებით არის განპირობებული, ზუსტად თქმა იმისა, როდის დასტაბილურდება ეროვნული ვალუტა, არ შეუძლია.
მისივე განცხადებით, მთავრობა ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ის პარამეტრები, რომლებიც ვალუტის სიმყარეს ემსახურება, არ დაირღვეს და უფრო გაუმჯობესდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები