დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი სინქრონულად მუშაობენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განაცხადა, რომ ის, რაც დღეს ბაზარზე ჩანს, უფრო განწყობის ნაწილია, ვიდრე რეალურად ფუნდამენტი.
მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი სინქრონულად მუშაობენ.
“საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სინქრონულად მუშაობენ. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვაქვს, პრაქტიკულად ყოველდღიურად არის ანალიზი როგორც ვალუტის შემოდინებაზე, ისე გადინებაზე. მინდა მოგახსენოთ, რომ ცვლილებები არ არის შემოდინება-გადინებაში, აქედან გამომდინარე, უფრო განწყობის ნაწილია ის, რასაც ჩვენ ახლა ბაზარზე ვხედავთ, ვიდრე რეალურად ფუნდამენტი”, – განუცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.