“ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაზის მოწოდებასა და ორმხრივ ურთიერთობაზე გააკეთა კომენტარი.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აზერბაიჯანთან ძალზედ მეგობრული შეხვედრა შედგა და “გაზპრომის“ თემას სახელმწიფოებს შორის გაუგებრობა არ გამოუწვევია.
“ილჰამ ალიევთან შეხვედრამ ჩაიარა ძალიან მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში, ნამდვილად ა არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე. ვთქვით, რომ ეს არის ტექნიკური ხასიათის საკითხი. არანაირი გაუგებრობა ჩვენს სახელწიფოებს შორის არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
“უამრავი სპეკულაცია მოვისმინე, უამრავი ბრალდება კახი კალაძისა და მთავრობის მისამართით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ნამდვილად იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა სახის ტექნიკური მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არა აქვს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
პრემიერისთვის ასევე მიუღებელია “გაზპრომთან“ მიმდინარე საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„უშიშროების საბჭოზე ინფრასტუქტურის ტექნიკური საკითხების განხილვა არასწორად მიმაჩნია. მგონია, რომ უშიშროების საბჭო არის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება და ამაში საგანგებოს მე ვერაფერს ვხედავ,“ – აცხადებს მთავრობის მეთაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები