ვინ უნდა იყოს პარლამენტში?
ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი განხილვის თემაა საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების საკითხი.
საქართველოს საზოგადოებამ იცის, რომ გლობალური გამოწვევების პირობებში, იცვლება მმართველობითი გარემოსადმი მოთხოვნები, „პოლიტიკური ქცევის წესები“, საკადრო პოლიტიკის ფორმირების ფაქტორები. დღეს, სახელმწიფო სისტემა საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს, ადმინისტრაციულ ტრანსფორმაციას, საკადრო ცვლილებებსა და სამთავრობო კორექციებს.
არსებითია აღინიშნოს, რომ საქართველო საჭიროებს ქარიზმატულ ლიდერებს, ნოვატორული აზროვნების მმართველებს, ახალი პოლიტიკური საზოგადოების ფორმირებას, სტრატეგიული აზროვნების სახელმწიფო მოხელეებს, მეცნიერ–მკვლევარის როლის ზრდას სახელმწიფო მმართველობაში. აღნიშნული გამოწვევების პასუხს წარმოადგენს მეცნიერ-მკვლევარებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებები.
მადლიერებით აღვნიშნავთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიან და პროდუქტიულ მუშაობას. ამასთან, მიზანშეწონილი იქნებოდა, პარლამენტის წევრებმა ანგარიშვალდებულების ჩარჩოებში, საზოგადოებას წარუდგინონ ინდივიდუალური ანგარიშები (პრესკონფერენციით, პრესრელიზებით), მათ მიერ, 4 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლების ანგარიშვალდებულების ფონზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც (პარლამენტის წევრები) ვალდებულნი არიან, გვამცნონ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ, არჩევნებში გაცხადებული გეგმების შესრულების და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილის შესახებ, მათ მიერ შემუშავებული თუ ინიცირებული კანონპროექტების რაოდენობის შესახებ.
მაშინ, როდესაც არსებული პოლიტიკური რესურსი, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, ვერ ქმნის განვითარების ჯეროვან პირობებს, ვერ უზრუნველყოფს თამამი რეფორმების გატარებას, ვერ ქმნის მოსახლეობის სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, ვერ უზრუნველყოფს რეგიონში წარმატებული ქვეყნის მომავალს, ვერ ახდენს ქვეყნის რესურსების ათვისებას და საქართველოს ინტელექტუალური რესურსის მართებულად გამოყენებას, ბუნებრივია, პოლიტიკური გარემოსადმი საზოგადოებრივი ნდობა დაბალია.
ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ „შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველს“. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი დარგის განვითარება და პრობლემების გადაჭრა, შესაძლებელია მხოლოდ ცვლილებებით, რეფორმებით, სტრატეგიების შემუშავებით, ახალი რესურსის საფუძველზე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებით, ახალი პოლიტიკური წესებითა და ნორმების დამკვიდრებით.
სახელმწიფოში, სადაც ცალკეული ანტრეპრენიორები და აქტორები ქმნიან პოლიტიკური თამაშის წესებს და არბიტრადაც თვითონ გვევლინებიან, არ სურთ ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება, კარიერულ წინსვლასა და შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემის შექმნა, სახელმწიფო სტრუქტურების პროდუქტიულობის ზრდისთვის მეცნიერ-მკვლევარების რესურსის გამოყენება, ინოვატორული მმართველობითი პროფილის მქონე ქვეყნის შექმნა.
თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება საზოგადოებაში ერთგვარ სკეპტიციზმს და შიშსაც კი იწვევს, რადგან ყოველი ახალი პოლიტიკური ძალა ასოცირდება: „ფულის შოვნასთან“, „მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან“, პოლიტიკური ძალაუფლების გავლენის სფეროების მოპოვებასთან, არსებული ძალაუფლების გადანაწილებასთან. ბუნებრივია, აღნიშნული სკეპტიციზმის საფუძველია არსებული ჯგუფების მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომელთაც არ აწყობთ და არც სურთ „არსებული გარემოს“ ცვლილებები, პროგრესი, გამჭვირვალობა, მოწესრიგებული გარემო, ახალი კადრების წარმოჩენა, ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობა, მეცნიერების როლის ზრდა სახელმწიფო მმართველობაში, „შემუშავებული“ რეფორმების გატარება და ა.შ.
შესაბამისად, აღნიშნულ სკეპტიკურ დამოკიდებულებაში იკარგება ძვირფასი დრო, ხოლო მდგომარეობა უცვლელია. ამასთან, საზოგადოება იმედებს ამყარებს არა უახლოეს პერიოდზე, არამედ მომავალი თაობის მიერ შექმნილ გარემოზე. შესაბამისად, ვერ ვახდენთ არსებული გარემოს ცვლილებას ან ცვლილებას სკეპტიკურად ვუყურებთ. ასევე, ზემოაღნიშნულს კიდევ უფრო „მტკიცეს ხდის ის ძალაუფლება“, რომელსაც ფესვები მჭიდროდ აქვს გადგმული. იმისათვის, რომ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და სკეპტიციზმი გაქრეს, საჭიროა: ახალი კადრების წარმოჩენა, ინტელექტუალი და „რეკომენდატორის არ მქონე“ ახალგაზრდების გამოყენება, მეცნიერ-მკვლევარების რესურსის გამოყენება, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების როლის ზრდა სახელმწიფო მმართველობაში. მმართველობა უნდა შეფასდეს სახელმწიფო სტრატეგიებითა და პროგრამების შედეგებით, გაანალიზდეს მათ მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მაჩვენებელი.
ბუნებრივია რთულია განსაზღვრო, გახდება თუ არა თვითდასაქმებული მეწარმე კარგი პოლიტიკოსი, ვიდრე განსაზღვრო, მიაღწევს თუ არა პოლიტიკურ კარიერაში წარმატებას ინტელექტუალი, მეცნიერ-მკვლევარი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ქვეყნების პოლიტიკაში მაღალია მეცნიერების ჩართვის მნიშვნელობა, კერძოდ (წყარო: Australian Government):
- აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოითხოვს, რომ მეცნიერები ჩართულნი იყვნენ ნებისმიერ პოლიტიკურ განხილვაში, თუნდაც მათი რჩევები არასასურველი იყოს;
- დიდ ბრიტანეთში, მთავრობის ყველა უწყებაში დანიშნულია მეცნიერ-კონსულტანტი;
- ავსტრალიის მთავრობა, სამთავრობო უწყებებების საკადრო პოლიტიკის ფორმირებისას, განსაკუთრებულ აქცენტს მეცნიერებზე აკეთებს;
- ჯამში, წამყვანი ქვეყნების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოების საკადრო პოლიტიკა, ძირითადად, მეცნიერებზე და დოქტორის ხარისხის მქონე პირებზეა ორიენტირებული;
სამწუხაროდ, რესურსამოწურულ პოლიტიკურ გარემოში, იგნორირებულია მეცნიერების როლი, სახელმწიფოს განვითარებაში. მეცნიერ-მკვლევარების როლს სახელმწიფო მმართველობაში, მათ შრომებს, შექმნილ სტრატეგიებსა და პროგრამებს, რესურსსა და პოტენციალს არ ითვისებენ, არ აფასებენ ან საერთოდ იგნორირებულია. შესაბამისად, ქვეყანაში დაბალია:
- მთავრობის მიერ სამეცნიერო გარემოს პოტენციალის ათვისება;
- მეცნიერ-მკვლევარის რესურსის გამოყენება სახელმწიფო მმართველობაში;
- მეცნიერების პოპულარიზაცია;
- ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები;
- მეცნიერების დაფინანსება, პროფესორების შრომის ანაზღაურება;
- სამეცნიერო გარემოს ხელშემწყობი პროგრამების რაოდენობა;
- მეცნიერ-მკვლევარის მოტივაცია;
მოწინავე ქვეყნებში, მთავრობა ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიებს, დარგის განვითარების პროგრამებს, სახელმწიფო მნიშვნელობის გეგმებს შეიმუშავებს ადგილობრივი მეცნიერ-მკვლევარებით, ექსპერტებით, სწავლულებით, სამოქალაქო და კორპორაციულ სექტორთან თანამშრომლობით (ხოლო შემდეგ უთანხმებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს). აღნიშნული მიდგომა ქმნის, როგორც საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოს კოორდინირებულად მშენებლობის, ეროვნულ-ისტორიულ თავისებურებებსა და საზოგადოების მოთხოვნაზე მორგებული სტრატეგიების შექმნის შესაძლებლობას. თავის მხრივ, ასეთ კოორდინირებულ თანამშრომლობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საუკეთესო სტრატეგიისა და პროგრამების შექმნის საკითხში.
ბუნებრივია, ქვეყანაში, იქმნება სტრატეგიები და პროგრამები, რომელიც ძირითადად, უცხოელების მიერ მუშავდება (ქართულ რესურსს არ იყენებენ), თუმცა, შემდეგ არავინ აფასებს არც მის ეკონომიკურ სარგებელს, არც სოციალურ თუ პოლიტიკურ სარგებელს. შესაბამისად, უცხოელების შექმნილ პროგრამებზე პასუხისმგებლობის ტვირთიც გაურკვეველია.
ამრიგად, საქართველოს საზოგადოებამ, მეცნიერ-მკვლევარის როლი უნდა განიხილოს შემდეგი მიმართულებით:
- მეცნიერი, როგორც კონსულტანტი. ეხმარება მთავრობას სწორი პოლიტიკის შემუშავებაში, ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებასა და ბიუროკრატიული მექანიზმების შექმნაში;
- დარგის ექსპერტი (მეცნიერ -ექსპერტები), კონკრეტული საკითხის მცოდნე და სწავლული. მეცნიერ -ექსპერტები, რომელთაც შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ მოსალოდნელი საფრთხეები, შეიმუშაონ პრევენციის მექანიზმები და ანტიკრიზისული გეგმები. მათი, პროგნოზი, ანალიზი, კრიტიკა, შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საუკეთესო მტკიცებულებაა ნებისმიერი საკითხის წარმოჩენისათვის;
- მეცნიერ-მკვლევარი, როგორც სტრატეგოსი. მეცნიერ-მკვლევარის ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებით, შემუშავებული სტრატეგიები, გეგმები, პროექტები, სახელმწიფო პროგრამები არის ზუსტი, სწორ შედეგებზე გათვლილი, საზოგადოების მოთხოვნებსა და ადგილობრივ გარემო პირობებზე გათვლილი;
- მეცნიერ-ანალიტიკოსთა ჯგუფები. საქართველოში მოქმედი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებებულებიდან დაკომპლექტებული მეცნიერ-ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ჩართულია სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
და ბოლოს, აღვნიშნავთ, რომ მეცნიერ-მკვლევარებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების დაკომპლექტება, ხელს შეუწყობს ყოველივე ზემოაღნიშნული საკითხების გადაჭრას და სახელმწიფო სისტემის საკადრო ძლიერებას.
სპეციალურად „კვირასთვის“
რატი აბულაძე,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი