მომხმარებლები iPhone 7-ის მწარმოებლებს სთხოვენ, აუდიოჩასართველი არ გააუქმონ
კომპანია Apple-ის მიერ ახალი სმარტფონის iPhone 7-ის გამოშვების წინ ჭორები ვრცელდება, რომ მისი მწარმოებლები აუდიოჩასართველზე უარის თქმას აპირებენ. ამის გამო მომხმარებლები ხელმოწერებს აგროვებენ და კომპანიას სთხოვენ, ეს არ გააკეთოს.
iPhone 7-ის პრეზენტაცია შემოდგომისთვის იგეგმება. უკვე ახლა ონლაინპეტიციას 220 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რომლებიც აუდიოჩასართველის არარსებობის გამო ჩივიან. ხელმოწერების ავტორები ამბობენ, რომ ამ ფუნქციის გაუქმება მომხმარებლების მიერ მოძველებული ყურსასმენების მასობრივად გადაყრას გამოიწვევს, რაც პლანეტის ეკოლოგიაზე უარყოფითად აისახება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ iPhone-ზე 3,5-მილიმეტრიანი აუდიოჩასართველი, შესაძლოა, უნივერსალურმა პორტმა Lightning-მა შეცვალოს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სმარტფონთან ყურსასმენის დაკავშირება Bluetooth-ის მეშვეობით მოხდება.
iPhone 7-ს შეიძლება არა მარტო აუდიოჩასართველი, არამედ დატენვის შესაერთებელიც არ ჰქონდეს. ის უკაბელო მეთოდით დაიტენება. ყურსასმენებს მინიატიურული ქეისი მოყვება, რომელიც ამავდროულად პორტატული დასატენი სადგურიც გახდება. ყურსასმენების მუშაობა დატენვის გარეშე ოთხი საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.