ანგელა მერკელი კიოლნში ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს გმობს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გმობს ახალი წლის ღამეს ქალაქ კიოლნში ქალებზე განხორციელებულ თავდასხმებს და ძალადობის ფაქტებს. ის სამართალდამცველებისგან დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, პოლიციას 90-ზე მეტმა ქალმა მიმართა, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა კიოლნის სარკინიგზო სადგურის მოედანზე და ახლომდებარე ქუჩებზე.
დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური კრიზისის შტაბი შეიქმნა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმებში, ძირითადად, არაბული და ჩრდილოეთ აფრიკული გარეგნობის ათასამდე მამაკაცი მონაწილეობდა. ამ თემაზე ანგელა მერკელი უკვე ესაუბრა კიოლნის თავკაცს, ჰენრიეტა რეკერს. „გერმანიის კანცლერმა ამ ფაქტის სასწარაფო გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა, ვინაიდან მსგავსი რამ სამართლებრივ სახელმწიფოში ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა შტეფან ზაიბერტმა.