აშშ-ის სამხედროები დრონებისგან თავის დასაცავად ხუთ ბაზაზე ლაზერებს განათავსებენ
აშშ-ის სამხედროები დრონებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად ქვეყნის მასშტაბით ხუთ სამხედრო ბაზაზე ლაზერულ სისტემებს განათავსებენ. ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა მიმართულია უპილოტო საფრენი აპარატების მზარდი საფრთხის წინააღმდეგ და მოიცავს როგორც ლაზერული, ისე სხვა მიმართულებითი ენერგიის სისტემების გამოყენებას.
განცხადების თანახმად, სისტემების მონტაჟი ექვს თვეში დასრულდება.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიები ბაზების დაცვის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და დრონების განეიტრალებას უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეძლებს.
“ეს ტექნოლოგია სამხედროებს საშუალებას აძლევს, შეაფერხონ და გაანეიტრალონ უკანონო ან მტრული დრონების აქტივობა მიმდებარე ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურისთვის მინიმალური რისკის ფასად“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
Stars and Stripes-ის ცნობით, აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობამ, რომელიც ქვეყნის უმეტეს ბაზებს ზედამხედველობს, 2025 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ სამხედრო ობიექტების საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა.
2025 წლის თებერვალში სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა გრეგორი გილოტმა, განაცხადა, რომ 2024 წელს ასეთი 350 ინციდენტი დაფიქსირდა.