რუსეთმა 9 მაისისთვის უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაცია გააუქმა
რუსეთმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის გაშუქებისთვის გაცემული აკრედიტაციები გააუქმა. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ რამდენიმე რუსული მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეეძლებათ,- ამის შესახებ Der Spiegel-ი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემა იუწყება, რომ რედაქციას აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ტელეფონით აცნობეს. Spiegel-ის ცნობით, ასევე გაუქმდა გერმანიის ARD-ისა და ZDF-ის ჟურნალისტების, Sky-ის კორესპონდენტის, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის თანამშრომლების, იტალიური მაუწყებლის Rai-სა და იაპონური NHK-ის თანამშრომლების აკრედიტაციები.
„არსებული ვითარების გამო, აღლუმის გაშუქების ფორმატი შეიცვალა. შესაბამისად, უკვე აკრედიტებული უცხოური მედია საშუალებები აღარ დაიშვებიან“, – განუცხადეს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს.
ადრე რუსეთის ხელისუფლებამ დასავლელი ჟურნალისტების აკრედიტაცია დაადასტურა და მათ სადღესასწაულო ღონისძიებების გრაფიკი გაუგზავნა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა.