ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაიჭრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, „ბოევიკებთან“ შეიარაღებული შეტაკების შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აშშ-ს სამხედრო სარდლობის ცნობით, პროვინციაში გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებსა“ და სამთავრობო ძალებს შორის, რომლებსაც საერთაშორისო კოალიცია ეხმარება.
ამერიკული ტელეარხის – NBC-ის ცნობით, ამერიკელი სამხედროები ჰელმანდში ნაღმმტყორცნების ცეცხლში მოხვდნენ, რის შემდეგაც ორმხრივი სროლა დაიწყო. ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი გაიყვანა. ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე დარჩა, რომლებიც ავღანეთის ხელისუფლებას შეიარაღებული ძალების და უშიშროების სტრუქტურების მომზადებაში ეხმარებიან.