გაეროს უშიშროების საბჭომ საუდის არაბეთის საელჩოზე და საკონსულოზე თავდასხმები დაგმო

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე და საკონსულოზე მომხდარი თავდასხმები. ეს ორგანიზაცია ორივე ქვეყანას დიალოგისკენაც მოუწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატიურ და საკონსულო შენობებში შეჭრას სერიოზული ზიანი მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭო მხარეებს დიპლომატიური მისიების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს. გაეროში იაპონიის წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან და ირანთან მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით ის დაძაბულობის განმუხტვას ხელს შეუწყობს.
თეირანსა და ერ-რიადს შორის ურთიერთობები საუდის არაბეთში 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის შემდეგ გართულდა, რომელთა შორის შიიტი სასულიერო პირი ნიმრ ან-ნიმრიც იყო. თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ ერ-რიადმა თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შემდეგ ირანთან დიპლომატიური კონტაქტების გაწყვეტის შესახებ ბაჰრეინმა, ქუვეითმა და სუდანმაც განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები