საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არქივირების პროექტი დაასრულა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა 41 რაიონში დაასრულა. როგორც „კვირას“ სააგენტოდან აცნობეს, ამიერიდან აღნიშნულ რაიონებში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.).
საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ამჟამად არქივირების პროექტი დამატებით 3 რაიონში – კასპში, ჩოხატაურსა და ბათუმში მიმდინარეობს. დასამუშავებელი მასალის რაოდენობა ამ რაიონებში 3982 ბაინდერს შეადგენს. არქივირების პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა.
პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 73 თანამშრომელი დაასაქმა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 102 თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა.
ცნობისთვის, 2015 წლის მდგომარეობით არქივირების პროექტის შედეგად სულ 34 996 ბაინდერია დამუშავებული, დასამუშავებლების რიცხვი კი 23 080 ბაინდერს შეადგენს. დასამუშავებელი მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები