ალეკო ელისაშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: „მისი ნათქვამის უკან ადეკვატური მტკიცებულებები არ არსებობს“

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში მის მიერ დასახელებული მაღალჩინოსნების მესიჯები არ აღმოჩნდა. დაკითხვაზე შესვლამდე კი ელისაშვილი დარწმუნებით აცხადებდა, რომ მობილურში, რომელიც მან პროკურატურაში მიიტანა, იმ პირების მიერ მიწერილი „ისტერიული მესიჯები“ ინახებოდა, რომლებიც მასზე ზეწოლას ცდილობდნენ.
“გამოძიება ნორმალურად მიდის. ტელეფონი მოვიტანე, აქ არის ის ისტერიული მესიჯები, რომელსაც მწერდნენ ხოლმე. დაზუსტებითი კითხვები აქვთ და უნდა მივაწოდო მათ ინფორმაცია”, – განაცხადა ელისაშვილმა.
პროკურატურაში ელისაშვილის მობილური ტელეფონი მისივე თანდასწრებით დათვალიერდა. მობილურში იმ მაღალჩინოსნების მესიჯები არ აღმოჩნდა, რომლებიც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ დაასახელა.
“მობილური ტელეფონი დაათვალიერეს ალექსანდრე ელისაშვილის თანდასწრებით, რომელშიც არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მის მიერ დასახელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. დათვალიერების შემდეგ ალექსანდრე ელისაშვილმა თანხმობა განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. მისი თანდასწრებითვე დაილუქა წარმოდგენილი მობილური ტელეფონი და მონაცემების აღდგენის მიზნით კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადაიგზავნა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში”, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.
ელისაშვილმა, რომელიც მისი ხმაურიანი განცხადებების ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მის ტელეფონში არსებულ “ისტერიულ მესიჯებს“ ასახელებდა, დაადასტურა, რომ მისი ტელეფონის “ინბოქსში” მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მესიჯები არ იყო, თუმცა განაცხადა, რომ შეტყობინებები მობილურის მყარ დისკზე ინახება. ამასთან, ელისაშვილის მტკიცებით, იმ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების სახელები და გვარები მან თავის დროზე ყოფილ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს მიაწოდა.
მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ კი სრული სიცრუე უწოდა ელისაშვილის განცხადებას. როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, თუმცა შეწყალების საკითხებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. “ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე. მე მას, მართლაც, შევხდი, თუმცა ეს ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო დაზარალებული და პროკურატურისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებაში ითხოვდა დახმარებას.
ამ შეხვედრას ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორიც, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ასევე ესწრებოდა ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გუშინაც ვესაუბრე გიორგი ბადაშვილს. სხვა შეხვედრა ჩვენ მასთან არ გვქონია და, შესაბამისად, მისი განცხადებები, რომ მოგვაწოდა რაიმე ინფორმაცია კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, ან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად საუბრობს, არის სიცრუე”, – განაცხადა გოგაძემ.10620892_429440920595430_1074303269_n
შეწყალების კომისიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელზეც ალეკო ელისაშვილი მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, წელიწადნახევრის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული. თუმცა ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი, რომელიც შეწყალების კომისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებს ადვოკატის საშუალებით, ტელეფონით ესაუბრა, აცხადებს, რომ მას შეწყალება არასდროს უთხოვია, ის მხოლოდ საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა. მისივე თქმით, მას თანხა არავისთვის მიუცია. ზაუტაშვილმა სიცრუე უწოდა იმ ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას შეწყალების კომისიის ყოფილმა და მოქმედმა თავმჯდომარეებმა – ალეკო ელისაშვილმა და ზვიად ქორიძემ მიაწოდეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომელიც “კოკაინის საქმეზე”, 2011 წელს, როგორც ადვოკატი მუშაობდა, აცხადებს, საქმე ფალსიფიცირებულია და ძალიან ბევრ, უხეშ პროცესუალურ დარღვევას ეფუძნება. “ე.წ. კოკაინის საქმე ძალიან კარგად მახსოვს – ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი საქმე, რომელზეც როგორც ადვოკატი ვმუშაობდი 2011 წელს. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა – საქმე “შეკერილია” საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, მოწმეებზე ზეწოლით, ადამიანების წამებითა და ფალსიფიკაციით.
ჩვენ მაშინვე ვითხოვდით, რომ მომხდარიყო საქმეში ბრალდებული ადამიანების გამართლება – ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ვითხოვდით. შემდეგ ვმუშაობდით ევროსასამართლოში გასაგზავნ საჩივარზე. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მე დეპუტატი გავხდი, მქონდა მოთხოვნა, რომ საქმე განახლებულიყო, გადასინჯულიყო. ეს იყო სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომლითაც ეს ადამიანები პროკურატურას მიმართავდნენ. გამოძიება დაწყებულია წამების ფაქტებთან დაკავშირებით და საქმეს თბილისის პროკურატურა აწარმოებს. ისინი შემდეგაც მოითხოვდნენ, რომ ყოფილიყო კონტროლი მათ განცხადებებზე, ყოფილიყო რეაგირება, ვინაიდან სამართლებრივი მისაგებელი, რასაც ისინი ითხოვდნენ – საქმის განახლება, გადახედვა, გადასინჯვა, დღემდე განხორციელებული არ არის. იქედან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება დღემდე ვერ განახლდა, ბუნებრივია, მათ ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა – მათ შორის შეწყალების უფლებით. ისინი შეწყალებას ითხოვდნენ, მიმართავდნენ შეწყალების კომისიას, მომმართეს მეც – როგორც მათ ყოფილ ადვოკატს. შემეძლო რეკომენდაცია გამეწია, რაც სრულიად კანონიერი იყო. მივმართე პრეზიდენტსაც, მივმართე შეწყალების კომისიასაც. პატიმრებს გარკვეული ხნის მანძილზე პასუხიც კი არ ჰქონდათ, ჰქონდათ თუ არა უარი შეწყალებაზე. ვინაიდან იყო გარკვეული ხნის განმავლობაში შეფერხება, მქონდა ლეგიტიმური უფლება მომეკითხა საქმის მიმდინარეობა, ანუ მეთხოვნა, რომ მათ საჩივრებზე ყოფილიყო რეაგირება – ყოფილიყო განხილული, უარის შემთხვევაში კი, ეცნობებინათ დასაბუთებული პასუხი”, – განაცხადა კობახიძემ.kobaxidze
კობახიძე ალეკო ელისაშვილისგან იმის მტკიცებულებას ითხოვს, რომ ამ საქმეში 200 000 დოლარი აიღო. უმრავლესობის წევრი პროკურატურისგან დაკითხვასაც მოითხოვს.
ალეკო ელისაშვილს უპასუხისმგებლოს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი. დეპუტატი ფიქრობს, რომ ელისაშვილის განცხადებების უკან ადეკვატური მტკიცებულებები არ არსებობს.
„მე მიმაჩნია, რომ ის, რაც ბატონმა ელისაშვილმა გააკეთა, ძალიან შორს არის იმ პასუხისმგებლობის გათავისებისგან, რომ როცა ადამიანს რამეს აბრალებს, ამის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა გააჩნდეს. მე მეჩვენება, რომ ელისაშვილს თავისი ნათქვამის უკან ადეკვატური მტკიცებულებები არ გააჩნია. ჯერ მან დაადანაშაულა მთელი რიგი ადამიანები, ისე, რომ მას, როგორც ჩანს, მტკიცებულებები არ გააჩნია, ახლა ხელი გაიშვირა პროკურატურისკენ და სთხოვს, რომ ამ ყველა კითხვაზე პროკურატურამ პასუხი გასცეს და ამით, შეიძლება ითქვას, რომ მოიხსნა პასუხისმგებლობა. დააკვირდით მის პირველ განცხადებას, როდესაც თქვა, ერთ-ერთმა დეპუტატმა თანხა შემომთავაზაო.თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მტკიცდება, მაგრამ როცა ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, იმერთ დეპუტატში ჩვენ ყველა ვიგულისხმებით. ყველა დეპუტატი. საზოგადოების თვალში თითოეული ჩვენგანი არის პოტენციური დამნაშავე, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და როდესაც ვამბობ, რომ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც იტყვის, მან ეს პასუხისმგებლობა უბრალოდ ვერ გაითავისა”, – აცხადებს სესიაშვილი.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს, როგორც თანამდებობის პირს, პროკურატურისთვის უნდა მიემართა “ოფიციალური განცხადებით და არა ჭორაობით“.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას მტკიცებულებები უნდა მიაწოდოს. “კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება და თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რაიმე დაუშვა ამ სფეროში და დაარღვია კანონი, ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი, პროკურატურა მუშაობს ამ თემაზე და ბატონ ელისაშვილს, რა თქმა უნდა, განცხადებების გარდა, მოუწევს მტკიცებულებები მიაწოდოს პროკურატურას”, – ამბობს წულუკიანი.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, მაღალჩონოსნების მიერ მისთვის გაგზავნილი სმს-ები პრეზიდენტს წააკითხა.prokuratura (14)
შესაბამისად, მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს. ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 30-მდე პირია დაკითხული, მათ შორის, შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები – ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე, დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. პროკურატურამ გამოძიება 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას ე.წ. შეწყალების საქმეზე მტკიცებულებებს “ნელ-ნელა გამოუზოგავს”, თუმცა, რამდენად ღირებული და არგუმენტირებული იქნება ალეკო ელისაშვილის მტკიცებულებები რომელსაც თავად აანონსებს, გამოძიების შედეგად გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები