„ბი-ბი-სი“ – რა ვერ გაინაწილეს სააკაშვილმა და იაცენიუკმა?
უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზე „ბი-ბი-სი“ სტატიას აქვეყნებს.
„უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილსა და მთავრობის თავმჯდომარის არსენ იაცენიუკის გუნდის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი გამწვავდა.
ამ სხდომაზე სააკაშვილმა იაცენიუკი და მთავრობა კორუფციაში, არაეფექტურობასა და რეფორმების არარსებობაში დაადანაშაულა. ამ დროს შს მინისტრს – არსენ ავაკოვს ნერვებმა უმტყუნა და შეეცადა, სააკაშვილისთვის წყალი შეესხა, ხოლო შემდეგ მას ჭიქა ესროლა. ამ ჩხუბის ვიდეო არ გამოქვეყნებულა, მაგრამ კონფლიქტის თვითმხილველები ამბობენ, რომ, სააკაშვილის ამ ბრალდებების საპასუხოდ, იაცენიუკმა და ავაკოვმა სააკაშვილს „გასტროლებზე ჩასული“ უწოდეს და მას „უკრაინიდან წათრევა“ მოსთხოვეს.
კონფლიქტი სააკაშვილსა და იაცენიუკს შორის დიდი ხანია არსებობს. ზაფხულის დასაწყისში ოდესის გუბერნატორმა სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ყოფილი უფროსის დენის ანტონიუკის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. ანტონიუკი ამ თანამდებობის დაკავებამდე ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის კომპანიის მენეჯერი იყო. სააკაშვილი ანტონიუკის გადაყენებას მოითხოვდა და მას „ოლიგარქების ინტერესების ლობისტი“ უწოდა. საავიაციო სამსახურის უფროსს თანამდებობია, მართლაც, დაატოვებინეს. მაშინ მთავრობასთან კამათი ოდესის გუბერნატორის სასარგებლოდ მთავრდებოდა. ასე მოხდა ოდესის საბაჟოს ირგვლივ ატეხილ დაპირისპირებაზეც. მუშაობის პირველივე თვეს სააკაშვილმა დააანონსა, რომ ოდესის ოლქის გზებს საბაჟოს ზედმეტი მოგების თანხებით გაარემონტებდნენ. სააკაშვილის პროექტი -„ფლაგმანი“ – ოდესა-რენის საავტომობილო გზა, წლის ბოლომდე უნდა გარემონტებულიყო. მაგრამ ამასთან დაკაშირებით პრობლემები გაჩნდა – სააკაშვილის თქმით, მთავრობამ ადგილობრივ საბაჟოს გეგმა 20%-ით გაუზარდა, რამაც გეგმის გადაჭარბება შეუძლებელი გახადა. სექტემბერში სააკაშვილმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში იაცენიუკი ოლიგარქების მხარდაჭერასა და რეფორმების არარსებობაში დაადანაშაულა. მაშინ იაცენიუკმა სააკაშვილის განცხადებებს ემოციური უწოდა. ამის შემდეგ მთავრობამ საბაჟოსთან დაკავშირებით სააკაშვილის მოთხოვნები შეასრულა და კონფლიქტი ცოტა ხნით შეწყდა. დაპირისპირების მორიგი ტალღა ნოემბერში აგორდა, როდესაც ოდესაში პორტისპირა ქარხნის გარშემო სკანდალი აგორდა. მანამდე კი არსენ იაცენიუკმა სააკაშვილს ტელევიზიით „შეუტია“. „მიშა ასეთი წარმატებული საქართველოში რომ ყოფილიყო, მაშინ იქ დაბრუნება რატომ არ შეუძლია? ალბათ მან რაღაცა რეფორმების კუთხით არასწორად გააკეთა“, – განაცხადა იაცენიუკმა.
სააკაშვილმა ამას უმალვე უპასუხა. მისი თქმით, უკრაინის მთავრობის მოქმედებების გამო ქვეყანა ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარს კარგავს. უკრაინაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ჩასვლის შემდეგ, რომელმაც პრეზიდენტის და მთავრობის გუნდებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, ნათელი გახდა, რომ მთავრობის ცვლილება ახლო მომავალში არ მოხდება. პეტრო პოროშენკომაც დაახლოებით იგივე გაიმეორა და განაცხადა – იაცენიუკის გადაყენება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამასთანავე, უკრაინელი პოლიტოლოგები წლის ბოლომდე მთავრობის წევრთა გადადგომასაც არ პროგნოზირებენ. მათი თქმით, ახლა მთავარი თემაა – საგადასახადო რეფორმა და სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, რაც სავალუტო ფონდის ახალი ტრანშის გამოყოფის წინაპირობაა. „კორუმპირებული ხალხი ციხეში უნდა ჩასვა და ამაზე თვეობით არ ისაუბრო ფაქტების წარმოდგენის გარეშე“, – განაცხადა სააკაშვილთან კონფლიქტის კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა. „მე არ ვაპირებ უკრაინიდან წასვლას, ამის იმედი არავის ჰქონდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა და კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. პრეზიდენტმა პოროშენკომ რეფორმების ნაციონალური საბჭოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს სამრცხვინო უწოდა და მთავრობას ცუდი მოქცევისთვის შენიშვნა მისცა. „ამ საკითხზე დისკუსია ხშირად ძალზე მწვავეა. არის აზრთა სხვადასხვაობა. ხდება პოზიციების შეჯერება, რაც რეფორმების განხორციელებას ხელს უწყობს. ამასთანავე, ამ საბჭოში ჩხუბი და უწმაწური სიტყვები ყოვლად დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ადამიანის ეროვნებას ეხება, პიროვნების პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ისმის შეძახილები: „წაეთრიე უკრაინიდან“, – განაცხადა პოროშენკომ. როგორც ცოტა ხნის წინ „პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა უმაღლეს რადაში იური ლუცენკომ განაცხადა, იაცენიუკის გადაყენება დეპუტატებს შეუძლიათ, მაგრამ ახალი პრემიერის დანიშვნას ხმები არ ეყოფა. ამიტომ მის გადაყენებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის – წინ პარლამენტს საბიუჯეტო და საგადასახადო „ეპოპეა“ ელის. იაცენიუკის გადაყენებას შეუძლია სამთავრობო კოალიციიდან „სახალხო ფრონტის“ გასვლა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვეს, რაშიც უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში არავინ არის დაინტერესებული. მიხეილ სააკაშვილის გადაყენებაზეც ჯერჯერობით არ საუბრობენ. იაცენიუკის და მინისტრებისგან განსხვავებით, პოროშენკოს მისი გადაყენება პარლამენტის გარეშეც შეუძლია. პარლამენტში უკვე დიდი ხანია დარეგისტრირებულია შინაგან საქმეთა მინისტრის არსებ ავაკოვის გადაყენების დადგენილების პროექტი. რაც შეეხება მთელი მთავრობის მოხსნას, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება ვერ მოხერხდა“, – წერს „ბი-ბი-სი“. სტატიის ავტორის აზრით, სააკაშვილის და იაცენიუკის შესაძლო გადაყენების განხილვის დროს პრეზიდენტ პოროშენკოს გასათვალისწინებელი აქვს ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის რეიტინგი დღეს 2%-ს შეადგენს, ხოლო სააკაშვილის და რეფორმატორების გუნდის რეიტინგი – გაცილებით მაღალია.