„ევროლიბერალიზაცია ნიშნავს, გავატაროთ ბევრი ისეთი ღონისძიება, რომელიც შეიძლება ქართულ საზოგადოებაში არაპოპულარული იყოს“

„ევროლიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველომ თავისივე სახელმწიფოში უნდა უზრუნველყოს ძალიან ბევრი ისეთი ღონისძიება, რომელიც შეიძლება არაპოპულარული იყოს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ გააკეთა.
ნაჭყებიასთვის გაუგებარია, რატომ არ შეუერთდა ევროკავშირისთვის ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ გაგზავნილ მიმართვას სამი სახელისუფლებო პარტია. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა განმარტა, მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, ისინი ნებისმიერი ხელისუფლების გვერდით იქნებიან, რათა თვითონ ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოება და ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება უზრუნველყონ, რომელიც შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საჭირო გახდეს.
„18 პოლიტიკური პარტიის ხელმოწერით, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს, გაეგზავნა ქართული პოლიტიკური ძალების მიმართვა, სადაც გამოხატულია, რომ ქართველი ხალხის სურვილია, ევროკავშირში ინტეგრაცია, ხალხის სურვილია, მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. მას ხელს აწერენ როგორც სახელისუფლებო ვერტიკალში შემავალი პარტიები, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. მიმართვაში ნათქვამია, რომ ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ნებისმიერი ხელისუფლების გვერდით, რათა უზრუნველვყოთ თვითონ ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოება, უზრუნველყოთ ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, რომელიც შესაძლოა, საჭირო გახდეს ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ. ეს თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო დოკუმენტი იყო.
სამწუხაროა, რომ სამი სახელისუფლებო პარტია: „მრეწველები“, „ქართული ოცნება“ და „კონსერვატორები“, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, დოკუმენტს არ შემოუერთდნენ. ჩვენს დოკუმენტს და პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას შორის განსხვავება დიდია. პარლამენტის რეზოლუციას ვერ შეუერთდება არასაპარლამენტო ოპოზიცია, არადა ამ ერთობის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, რეზოლუციას არ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. გათამაშდება ტრადიციული ქართული სცენარი, როცა პოლიტიკური პარტიები თავიანთ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ. „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივით შექმნილი მიმართვა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, ეს იქნებოდა ჩვენება იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოში მოქმედ ყველა ძირითად პოლიკურ პარტიას აზრთა სხვადასხვაობა არა აქვს“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები