ტერაქტი 9/11: „ალ-ქაიდას“ შურისძიება, თუ ამერიკის ბნელი მხარე
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კალიფორნიაში 6 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, განაცხადა, რომ აშშ-ში ტერორისტული საფრთხე ახალ ფაზაში გადავიდა. თეთრ სახლში გაკეთებული საგანგებო მიმართვისას ობამამ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ტერორიზმს დაამარცხებს. „ჩვენ გავანადგურებთ “ისლამურ სახელმწიფოს” და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც აშშ-სთვის ზიანის მოტანას შეეცდება“, – განაცხადა ობამამ.
მანვე ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. რამდენად შესაძლებელია კალიფორნიაში მომხდარი ტერორისტული აქტისა და “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკების” მიერ გავრცელებული ვიდეორგოლის ფონზე სიმშვიდის შენარჩუნება, რთული საკითხია, მითუმეტეს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მომსწრენი გახდნენ მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიისა.
რა მოხდა აშშ-ში 14 წლის წინ – “კვირამ” მასშტაბური თავდასხმების შესახებ გავრცელებული დასკვნები შეაჯამა.
ტერორისტთა ორგანიზებული თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა. ამ დღეს 19-მა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
რამდენიმე ოფიციალურმა საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული ტერაქტი გამოიძია და საკუთარი დასკვნები მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა.
ტყუპები
რატომ ჩამოინგრა ტყუპი შენობები ასე სწრაფად და რატომ დაიღუპა ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე სართულზე გაჩენილი ცეცხლის გამო?
ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის ფიზიკოსის სტივენ ჯონსის, არქიტექტორი რიჩარდ გეიჯის, ინჟინერ-პროგრამისტ ჯიმი ჰოფმანისა და თეოლოგ დევიდ რეი გრიფინის აზრით, ცათამბჯენები საკონტროლო აფეთქების შედეგად დაინგრა. ყველაფერთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყუპი შენობების ჩამოშლამდე გაისმა რამდენიმე ძლიერი აფეთქება, რამაც შენობების სრული განადგურება გამოიწვია. მხოლოდ თვითმფრინავის შეჯახება და ხანძარი ვერ შეძლებდა შენობის „კარკასის“ კატასტროფულ ნგრევას ასეთი სიჩქარით, რომ არა დამატებითი ასაფეთქებელი წყარო კონსტრუქციის შესასუსტებლად (რკინის ბოძების მოსაშლელად), რომელიც დამონტაჟებული იქნებოდა ტერაქტამდე გარკვეული დროით ადრე.
Open Chemical Physics Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები, ქიმიკოსი ნილს ჰარიტი – კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან, ჯეფრი ფარერი – ფიზიკოსი ბიგჰემ იანგის უნივერსიტეტიდან, სტივენ ჯონსი და სხვები, საუბრობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების -ტერმიტისა და ნანოტერმიტის ნაწილაკების შესახებ, რომლებიც სამი შენობის ნანგრევებში აღმოაჩინეს, რაც ამტკიცებს იმას, რომ შენობის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევა გამოწვეულ იქნა არა ხანძრისა და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებით, არამედ, წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებით. სტატია არ შეიცავდა ზუსტ მტკიცებულებებს, რის გამოც პუბლიკაციის მთავარ რედაქტორს სამსახურის დატოვება მოუხდა.
ჯონსმა ვერ ახსნა, როგორ შეიძლებოდა დაემონტაჟებინათ ასაფეთებელი მოწყობილობა სხვისი ყურადღების მიქცევის გარეშე, თუმცა მან აღნიშნა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე შენობაში აქტიურად შეინიშნებოდა ტექნიკური სამუშაოები.
ამერიკის ნაციონალური სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ექსპერტები (NIST) შენობათა ნგრევის ოფიციალურ ვერსიას ემხრობიან და გამორიცხავენ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებას. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკების ჩქარ და კონსტრუირებულ ნგრევას, გრავიტაციის მოქმედების შედეგს აწერენ. ცნობილია, რომ მათ არცერთხელ არ ჩაუტარებიათ კვლევა ტერმიტის ან სხვა ასაფეთებელი ნივთიერების ნარჩენების აღმოსაჩენად.
პენსილვანიის მდელო
ავიაკომპანია United Airlines-ის თვითმფრინავის რეისი, 93 მგზავრის წინააღმდეგობის შედეგად, პენსილვანიის შტატში, სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით რეისი-93 რეალურად რეაქტიულმა გამანადგურებლმა ჩამოაგდო. დევიდ რეი გრიფინის და ალექს ჯონსის თქმით, თვითმფრინავის დიდი ნაწილი, მათ შორის ძრავის დეტალები, თავდაპირველი ნამტვრევებიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს, რაც უჩვეულოა ასეთი ავიაკატასტროფისთვის. ჯონსი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი ტოვებს თავის ნაწილებს, როდესაც ავარიულად ეშვება, მაგრამ ეს ფაქტი სრულიად არ შეესაბამება იმ ცნობებს, რაც მოგვაწოდეს, რადგან ავიალაინერის ნაწილები ჩამოვარდნის მთავარი ადგილიდან ბევრად შორს აღმოაჩინეს.
მაიკლ ჰაისი, რომელიც 1996 წელს მომხდარ ავიაკომპანია TWA-ს რეის 800-ის ავიაკატასტროფას იკვლევდა, აცხადებს, რომ „500 მილი/სთ სიჩქარით ვარდნისას, ძრავის 300 იარდის მოშორებით დაცემა რამდენიმე წამს იკავებს, რაც უჩვეულო ნამდვილად არ არის.“
CNN-ის ცნობით, ყველაზე შორს თვითმფრინავის დეტალი 8 მილის დაშორებით, ნიუ-ბალტიმორშია ნაპოვი. თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ ნაპოვნი ნაწილების სიმსუბუქის გამო ქარს მარტივად შეეძლო წაეღო 8 მილის დაშორებით ნაპოვნი დეტალები ჩამოგდების მთავარი ადგილიდან.
პენტაგონი
სურათი გადაღებულია მანამდე, სანამ პენტაგონის შენობა ჩამოინგრეოდა. დაჯახებული თვითმფრინავი კი არ ჩანს
11 სექტემბრის ტერაქტის კიდევ ერთ თავსატეხს პენტაგონზე თავდასხმა წარმოადგენს. ოფიციალური ვერსიით, შენობას გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი დაეჯახა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.
თუმცა, სხვები გამორიცხავენ თვითმფრინავის დაჯახებას და ამტკიცებენ, რომ პენტაგონი ფრთებიანმა რაკეტამ დაანგრია, რომელიც ამერიკის სცეპსამსახურებმა გაუშვეს. არგუმენტად კი შენობის კედელზე დაზიანების ზომა მოაქვთ, რომელიც იმდენად მცირეა, რომ თვითმფრინავის თავდასხმაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ ამბობენ, რომ შენობასთან ახლოს ბოინგის ნაწილები იპოვეს. არსებობს თვითმხილველთა ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც თვითმფრინავი შენობაზე თავდასხმამდეა შეამჩნიეს. ალტერნატიული თეორიის მიმდევრები კი კიჟინებენ, რომ ყველა მტკიცებულება გაყალბებულია.
მოტივები
ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა “ალ-ქაიდას” 500 ათასი დოლარი დაუჯდა. გერმანიის დაზვერვის სამსახურში კი ფიქრობენ, რომ ამ ტერაქტის ორგანიზებისთვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ზარალი კი გაცილებით მეტი – 135 მილიარდი დოლარი, ათასობით გარდაცვლილი და ათიათასობით დაინვალიდებულ ადამიანი იყო.
ვისი ორგანიზებულიც არ უნდა ყოფილიყო 11 სექტემბრის ტერაქტი, იქნებოდა ეს „ალ-ქაიდა“ თუ აშშ-ის მთავრობა, ორივე მათგანს საკუთარი მოტივები და გამორჩენა ჰქონდა.
„ალ-ქაიდამ“, მაგალითად, 11 სექტემბრის ტერაქტს შურისძიება დაარქვა ამერიკის აგრესიული პოლიტიკაზე, რომელიც ისლამური ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
მოსალოდნელი ომი იგეგმებოდა წლობით ადრე, ვიდრე ბინ ლადენი თავის ტერაქტებს განახორციელებდა. სწორედ ტერაქტმა გახადა ომი შესაძლებელი. ბინ ლადენის გარეშე, ბუშსა და მის გარემოცვას დღემდე უამრავ არასასიამოვნო კითხვაზე მოუწევდა პასუხის გაცემა. მაგალითად, როგორ მოახერხა ბუშმა პირველი ადგილის მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნებში; Enron-ის საქმეზე და სხვა. ამერიკას, სავარაუდოდ, იმის ახსნაც მოუწევდა, რატომ დაუჭირა მხარი ისრაელს, გაეროს რეზოლუციის მიუხედავად. თუმცა ბინ ლადენმა უპრობლემოდ მოაქცია ეს და სხვა კითხვები უკანა პლანზე.
აშშ-ის მოტივები ცალსახად საინტერესოა. ისტორიაში პირველად – 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ – მეყსეულად ამოქმედდა ნატოს მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას გულისხმობს. ტერაქტი გახდა დასაწყისი ე.წ. ომის, ტერორიზმის წინააღმდეგ, რამაც გაამართლა ომი ერაყსა და ავღანეთში.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მიიღეს „ნაციონალური უსაფრთხოებისა“ და „პარტნიორობის“ აქტი, რაც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფლებას აძლევდა, ამერიკის მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარეულიყვნენ. გარდა ამისა, 9/11 -ით გამართლდა საიდუმლო ოპერაცია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების ტელეფონზე მიმდინარე საუბრების მოსმენას გულისხმობდა. ფაქტობრივად, მომხდარი ტერაქტით ამერიკის მთავრობამ თავისივე მოქალაქეები კონტროლის ქვეშ მოაქცია.
ჯორჯ ბუში: “ჩვენი სამხედროები, შინ თუ მთელს მსოფლიოში, უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ჩვენ უშიშროების ყველა აუცილებელ ზომას მივმართეთ, რათა თქვენმა მთავრობამ თავისი ფუნქციების შესრულება განაგრძოს”.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურებმა 5 ათასზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს.
დავა იმაზე, თუ ვინ მოაწყო ტერაქტი 9/11, დღესაც არ ჩამცხრალა. აშკარაა, რომ ტერაქტის ნებისმიერი თეორია გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. რა მიზნებიც არ უნდა ჰქონოდათ ტერაქტის ორგანიზატორებს, ეს ყოველივე ნამდვილად არ ღირდა 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლედ, რომლებიც სხვის ამბიციებსა თუ სიძულვილს შეეწირნენ.