აკაკი ბობოხიძის კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ბობოხიძის კანონპროექტი მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებისა და “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის ხელფასების შემცირებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შეთავაზებული პროექტები აღნიშნული პირებისთვის სახელფასო ჭერის დაწესებას და ხელფასის ოდენობის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
ბობოხიძის ინფორმაციით, “საპარტნიორო ფონდის” მთავარი აღმასრულებლის ხელფასი 21 ათასი ლარით არის განსაზღვრული, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 16 640 ლარია, სემეკის თავმჯდომარის ხელფასი – 12 ათასი ლარი, ხოლო წევრების – 11 900 ლარი.
“თუკი გავითვალისწინებთ, რამდენად მაღალია მათი ხელფასები, შეუძლებელია არა თუ კომიტეტის, ასევე პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონდეს წარდგენილ ინიციატივას”, – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.