ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არის და იქნება საიმედო პარტნიორი ბულგარეთისთვის
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლის გაზრდა, „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის როლი ამ პროცესში და სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება საუბრის მთავარი თემები იყო.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მთელ რიგ სფეროში ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, ნატოს არსებითი პაკეტის ელემენტების განხორციელებაში ჩართულობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არის და იქნება საიმედო პარტნიორი ბულგარეთისთვის.
„შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში. ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. ამ თვალსაზრისით, ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც, ვიმედოვნებთ, 2016 წლის იანვარში გაიმართება, დიდ წვლილს შეიტანს ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეტრიწონის მონასტერი – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარია ევროპის მართლმადიდებლურ ლავრათა შორის, რომელიც ერთმორწმუნე ბულგარული და ქართული კულტურების უნიკალური კომბინაციის სიმბოლოა.
პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მიიწვია.