დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაში მონაწილეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაო სახელმწიფოს დელეგაციების ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საფრანგეთის დელეგაცის ხელმძღვანელთან, საზღვაო საკითხთა გენერალურ მდივან მიშელ აიმერიკთან შეხვედრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა მწუხარება გამოთქვა პარიზში ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო და ფრანგ კოლეგას მიუსამძიმრა.
შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანგული მხარის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა 2013 წელს ევროკომისიის მიერ საქართველოში გაცემული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხელახალი აღიარების პროცესში საფრანგეთის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობისა და საქართველოს საზღვაო დროშით ფრანგი გემთმფლობელების დაინტერესებაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
“საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაზე მსოფლიოში საზღვაო სექტორში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე ვესაუბრეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, გავაცანით ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში საზღვაო მიმართულებით განხორციელდა”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები