ზვიად კვაჭანტირაძე: ეს ვიდეო გავრცელდა მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით
ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო გავრცელდა მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „GDS“-ის ეთერში გადაცემა “2030”-ში გააკეთა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო გავრცელდა მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით. ერთი და მეორე – ამ ახალგაზრდების თვითწარმოჩენის მიზნით – აი, რა მაგარი ბიჭები ვართ. სხვა აზრი მე ამ ვიდეო მიმართვაში ვერ დავინახე. მინდოდა უბრალოდ შეკითხვები დამესვა ჩვენი საზოგადოებისთვის, ნუთუ მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უნდა დაიწყოს იმაზე საუბარი ჩვენ ქყვენაში, რომ ისლამი ნამდვილად მშვიდობის მქადაგებელი რელიგიაა?! ცოტა გასაოცარია, რომ ისლამის იდეალების დაცვა ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს უწევს მხოლოდ, სად არიან ამ დროს საზოგადოების დანარჩენის წევრები, მუსლიმური თემების ხელმძღვანელები. მათ აქვთ საშუალება, სოციალური ქსელი, ასევე, სხვა გამოხატვის საშუალებები, სადაც აქვთ აზრის დაფიქისრების საშუალება. რატომ არ არის მყისიერი რეაქცია მათი მხრიდან, მსგავს გამოსვლებზე? ჩემი აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს ასეთი დამოკიდებულება, მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა აღიმაღლონ ხმა და ყველანაირად უნდა შეეცადონ, რომ მსგავსი დაშინების საბაბი, ქართველ მუსლიმ მოსახლეობას და ზოგადად ქართველ მოსახლეობას მეორეჯერ აღარ მისცენ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ გადაცემა “2030”-ში.
შეგახსენებთ, რომ Sendvid.com-ზე ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ქართველების მისამართით მუქარის შემცველი ვიდეო გაავრცელა.
სავარაუდოდ, აჭარის რეგიონიდან სირიაში წასული ქართველი მუსლიმანები ვიდეოში აცხადებენ, რომ „ღმერთის წყალობით სულ მალე დადგება ის დრო, როცა ყველას, ვინც ისლამის წინააღმდეგ იბრძვის, თავებს დააჭრიან”,-აცხადებენ ისლამის მებრძოლები.