“ეს ხომ ყველა ქვეყანაში ჩაითვლებოდა ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების, საზოგადოებაში პანიკისა და შიშის დანერგვის ხელშეწყობად”

ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე იმ ქართულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ინტერნეტ-სივრცეში ქართულ ენაზე გავრცელებულ, მუქარის შემცველ ვიდეომასალებს აშუქებენ.
როგორც ლიკლიკაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ეს ყველა ქვეყანაში ჩაითვლებოდა ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების, საზოგადოებაში პანიკისა და შიშის დანერგვის ხელშეწყობად.
“ძალიან მაინტერესებს საქართველოში გამომცემლები, საინფორმაციო საშუალებების მფლობელები, მედია-ექსპერტები ან იურისტები, როგორ აფასებენ და რითი ამართლებენ ქართულად მოლაპარაკე ჯიჰადისტების მუქარანარევი, ექსტრემისტული იდეოლოგიით გაჟღენთილი, მკვლელობის დაუფარავი პროპაგანდის შემცველი ვიდეო-მიმართვის სრულად, დაუმონტაჟებლად გავრცელებას? ეს ხომ ყველა ქვეყანაში ჩაითვლებოდა ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების, საზოგადოებაში პანიკისა და შიშის დანერგვის ხელშეწყობად. აქედან გამომდინარე, ყველა შედეგითურთ?“, – წერს კობა ლიკლიკაძე.
შეგახსენებთ, რომ Sendvid.com-ზე ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ქართველების მისამართით მუქარის შემცველი ვიდეო გაავრცელა. სავარაუდოდ, აჭარის რეგიონიდან სირიაში წასული ქართველი მუსლიმანები ვიდეოში აცხადებენ, რომ „ღმერთის წყალობით სულ მალე დადგება ის დრო, როცა ყველას, ვინც ისლამის წინააღმდეგ იბრძვის, თავებს დააჭრიან”, – აცხადებენ ისლამის მებრძოლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები