ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას აპირებს
დეკემბერში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილებას მიეღებენ. გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს აირჩევენ – სამი-ოთხი თვით, ექვსი თვით ან ერთი წლით სანქციების გაგრძელებას.
გამოცემის ინფორმაციით, დასავლეთსა და რუსეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში თანამშრომლობის მიუხედავად, სანქციები შენარჩუნდება. მანამდე უკრაინის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის გამო დასავლეთის ქვეყნები სანქციებს ან მთლიანად, ან ნაწილობრივ მოხსნიდნენ. მოსკოვმა ტერორისტული საფრთხის და ერთობლივი ბრძოლის გამოყენება, სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზეც სცადა. რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად ტერორიზმთან ბრძოლის პროექტი შეიტანა. პროექტი მოამზადა ასევე საფრანგეთმა. როგორც ირკვევა, უკრაინის საკითხზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და დასავლეთი ამ საკითხში პოზიციების დათმობას არ აპირებს.