გურამ მაჭარაშვილი – ფასების რეგულირების კომისიის დასკვნა არ პასუხობს გამოწვევებს – ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა, პარლამენტი კი გახლავთ პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას
“კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც თავად ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს – ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა და პარლამენტი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება, ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურად უფრო სურვილის ხასიათი ჰქონდა ამ დასკვნას და სურვილი ისედაც ჰქონდა საზოგადოებასაც და ჩვენც, რომ ფასები დარეგულირებულიყო.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლებზეც თავად ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს. აქ იყო საუბარი კარტელურ გარიგებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი კონკურენცია არ იყო და შესაბამისად, ფასები იმიტომ იყო ზოგიერთ პროდუქტზე მაღალი. იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გაცილებით მაღალია პროდუქტებზე ფასი, ვიდრე იმავე პროდუქტებზე ფასი ევროპაში და რამდენიმე თვეში ჩვენ კომისიის დასკვნაში ეს ყველაფერი ვერ დავინახეთ აღსრულების თვალსაზრისით. აქ ზოგადი კონცეფციების დონეზე მიგნებები არის, ნამდვილად, ეს ეხება მარეგულირებლის შექმნას, ეს ეხება შორს გათვლილ პოლიტიკას, მოკლევადიან პერსპექტივებს, კონკურენციის შექმნას, მაგრამ აქ არ არის კონკრეტიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა. პარლამენტი კი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება, ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას და შესაბამისად მოსთხოვოს. ამ დასკვნაში ჩვენ ვერ დავინახეთ თუნდაც ერთი თვის, ორი თვის შემდეგ, ვის უნდა მოვთხოვოთ, რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას თუ საერთოდ აქვს გეგმა ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, არ წერია ამ დოკუმენტში, მაგალითად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რამდენ ხანში უნდა მოახდინოს რეაგირება ამასთან დაკავშირებით. რეალურად უფრო სურვილის ხასიათი ჰქონდა ამ დასკვნას და სურვილი ისედაც ჰქონდა საზოგადოებასაც და ჩვენც, რომ ფასები დარეგულირებულიყო.
პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი და კონკრეტული დავალებები უნდა იქნას მიცემული და კონკრეტული ვადები, რა ვადებშიც პარლამენტი მოსთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ დასკვნას. პროცედურულად ბიუროს გადაეცემა ეს დასკვნა. ამ შემთხვევაში რადგან ეს დროებითი კომისიაა და არა საგამოძიებო კომისია, ბიურო იღებს გადაწყვეტილებას, გავა ეს სესიაზე თუ არ გავა ეს დასკვნა, ასე რომ დაველოდოთ, გავა თუ არა გავა ეს დასკვნა სესიაზე. ამ კომისიამ ბევრი რამე გამოავლინა. თავმჯდომარის საბოლოო დასკვნით სიტყვაში ძალიან ბევრი მიგნებები იყო, მათ შორის, დასკვნაში, თუ რა არის პრობლემა, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და სწორია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნა, დარჩება ეს სურვილის დონეზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რაც დაინახა კომისიამ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.