სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე: მიკვირს მედიის, რომელიც აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას – ივანიშვილმა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია უდიპლომობის გამო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე – სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს.
ის აცხადებს, რომ სახელმწიფოც და ეკლესიაც რუსეთმა მიიტაცა, ბიძინა ივანიშვილმა კი, მეუფე ისაია არ დაუშვა არჩევნებზე.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა.
„ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკრეტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს.
ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.
ისე სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ, ეკლესიის მიტაცებაც რომ გვაკვირვებს, ეგეც გასაკვირია. როგორც ამათი ზემდგომი რუსები ამბობენ „Потерявши голову по волосам не плачут“.
ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც „პრეზიდენტი“ დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომობის გამო.
ამის შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა და რეჟიმისთვის ოფიციალურად დაქვემდებარების.
არა უშავს, გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.