გურამ მაჭარაშვილი – დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი ყველა ქვეყნისთვის საჭიროა, რათა ის დაცული იყოს უცხოური ძალებისგან და უკონტროლო ფულის არსებობისგან
“გამჭვირვალობის შესახებ კანონი ყველა ქვეყნისთვის საჭიროა, რათა ის დაცული იყოს უცხოური ძალებისგან და უკონტროლო ფულის არსებობისგან,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე მუშაობის შეფასებისას განაცხადა.
„ხალხის ძალა“ პირველი მერცხალია, რომელმაც 2023 წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეიტანა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ რა პროცესებიც განვითარდა, ეს ყველამ კარგად ნახა და ახსოვს. ასეთი ტიპის კანონის გამჭვირვალობის შესახებ არსებობა ყველა ქვეყნისთვის საჭიროა, რათა ის დაცული იყოს უცხოური ძალებისგან და უკონტროლო ფულის არსებობისგან.
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? ამ კითხვაზე ჩვენს „მეგობრებს“ ერთადერთი პასუხი ჰქონდათ. ჩვენ განვითარებული ქვეყანა ვართ და ვიცით, დემოკრატია როგორც მუშაობსო, თქვენ კი ჯერ არ იცითო. ეს ნიშნავს, რომ შენს მიმართ აღქმა ამ ხალხს, როგორც თავისუფალი, სუვერენული ქვეყნის მიმართ, არ აქვს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.