გერმანიაში ათასობით მომიტინგე მერცის გადადგომას ითხოვს
გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის (DGB) ცნობით, ქვეყანაში 1-ელ მაისის აღსანიშნავ დემონსტრაციებში 360 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ზოგიერთი დემონსტრანტი კი კანცლერ ფრიდრიხ მერცის გადადგომას მოითხოვდა.
„წელს, 1-ელ მაისს, გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ 413 ღონისძიებასა და დემონსტრაციაში 366 710 ადამიანი მონაწილეობდა სლოგანით „ჯერ ჩვენი სამუშაო ადგილები, შემდეგ თქვენი მოგება“, – ნათქვამია პროფკავშირის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნიურნბერგში გამართულ პირველი მაისისადმი მიძღვნილ მიტინგზე, DGB-ის პრეზიდენტმა იასმინ ფაჰიმიმ დაგმო დამსაქმებლებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობები, მიმდინარე კრიზისში რიგითი მუშები დაედანაშაულებინათ. მან ასევე გააკრიტიკა რვასაათიანი სამუშაო დღის შესაძლო გაუქმება და კანონით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათების შემცირება.
„ვინც არღვევს სამუშაო საათების შესახებ კანონს, ის არ ხდის სამუშაოს უფრო პროდუქტიულს, არამედ მხოლოდ უფრო მავნეს… ყველა, ვინც ხელყოფს საპენსიო უზრუნველყოფის დონეს, რისკავს სერიოზული სოციალური კონფლიქტის პროვოცირებას“, – თქვა ფაჰიმიმ.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს მრავალი დემონსტრანტი, რომლებსაც მერცის გადადგომის მოთხოვნით ხელში პლაკატები უჭირავთ.
კანცლერის გადადგომის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 1-ელი მაისის საღამოსთვის 133 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, საჭირო 150 000-დან.
მიმდინარე წლის დასაწყისში მერცმა გერმანელებს მოუწოდა, გერმანიის ეკონომიკის გაუარესების ფონზე მეტი ემუშავათ. ფაჰიმიმ გააკრიტიკა კანცლერი, რვასაათიანი სამუშაო დღე „წითელ ხაზად“ მოიხსენია და დასძინა, რომ ის არ უნდა გაიზარდოს.
აპრილის შუა რიცხვებში RTL-ისა და NTV-ის ტელეარხების მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 80 პროცენტი Merz-ის მუშაობით უკმაყოფილოა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.