ეროვნულ მუზეუმში უცხოელი და ქართველი მეცნიერების პრესკონფერენცია გაიმართება
18 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში პრესკონფერენცია და გამოფენა გაიმართება. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Nature Comunication-ში გამოქვეყნდა სტატია, პირველი გენეტიკური ინფორმაცია საქართველოს ქვის ხანის ძეგლებიდან „ზედაპალეოლითური გენომის ღრმა ფესვები თანამედროვე ევრაზიულ მოსახლეობაში/ Upper paleolithic genomes reveal deep roots of modern eurasians“.
უცხოელ მეცნიერებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან: დავით ლორთქიფანიძე, თენგიზ მეშველიანი და ნინო ჯაყელი.
სტატიაში წარმოდგენილია უახლესი გენეტიკური კვლევის შედეგები, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოს ზედაპალეოლითურ ძეგლებზე. განისაზღვრა საწურბლიას მღვიმის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი) გვიან ზედაპალეოლითური 13,3000 წლის და კოტიას კლდის მღვიმის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფ. სვერი) მეზოლითური ხანის 9, 7000 წლის, ადამიანის გენი და გაირკვა თანამედროვე ევროპის მოსახლეობის მეოთხე, აქამდე უცნობი გენეტიკური კომპონენტი.
აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიური გენი არის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომლის მემკვიდრეები არიან თანამედროვე ევროპელები. დასავლეთ საქართველოს ძეგლებზე აღმოჩენილი ადამიანის გენომების სეკვენირების (თანამიმდევრობის დადგენა) შედეგად გაირკვა, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (CHG), მიეკუთვნება განსხვავებულ, უძველეს შტოს, რომელიც აფრიკიდან გამოსული თანამედროვე ადამიანის (Homo sapiens ან კრომანიონელის) ორი 45,000 და 25,000 წლის წინანდელი მიგრაციული ტალღის მემკვიდრეა.
ევროპისკენ მიგრაციის დროს, ამ ორივე ტალღას გამოყოფილ ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ახლანდელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა იზოლირებულად, ვიდრე ადრებრინჯაოს ხანაში არ გაავრცელა თავისი კულტურა ჩრდილოეთით, კერძოდ, იამნაიას კულტურის მატარებელ ტომებზე.
დასავლეთ საქართველოს პალეოლითურ ძეგლებზე უკვე მრავალი წელია მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით. მეცნიერთა ჯგუფმა საქართველოდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ისრაელიდან (ჰიბროუ უნივერსიტეტი), აშშ-დან (ჰარვარდის უნივერსიტეტი), ბრიტანეთიდან (ოქსფორდის უნივერსიტეტი) და ირლანდიიდან (ტრინიტი კოლეჯი) ერთობლივი კვლევის შედეგად ახალი მონაცემებით შეავსო.