იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელი მოკლეს
სულ მცირე ორი პალესტინელი დაიღუპა და სამი დაიჭრა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის სამხედროებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ისრაელის ჯარი ლტოლვილების ბანაკ კალანდიაში შევიდა. ისინი იმ პალესტინელის სახლის დანგრევას აპირებდნენ, რომელიც ებრაელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ისრაელის ჯარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხედროების მიმართულებით ცეცხლი პირველებმა პალესტინელებმა გახსნეს, ხოლო საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელები დახოცეს.