შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის

“ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო – უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფსონის დადება იმ ძალებზე, რომელიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს.

„ვფიქრობ, რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მიჩნდება, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომელიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან თუ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები, ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში იმედია, რომ ყველა გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის მცდარობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გადავიაზროთ ეს ურთიერთობები.

4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლებისგან სამწუხაროდ ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. 4 წელია ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის იმ წერტილზე მისული, სადაც არის. ჩვენ ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და უკრაინას. არ არსებობს რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ათობით ათასი ლტოლვილი მივიღეთ, ასობით უკრაინელი ბავშვისთვის ერთადერთმა ქვეყანამ გავხსენით უკრაინულ ენოვანი კლასები სკოლებში და უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან. ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს რიტორიკულად თუ სხვა მხრივ თავს ესმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი. თუკი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი და გამოსასწორებელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიმართ იყო, იყო მცდარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები