ლევან მახაშვილი – იუკნევიჩიანეს ანგარიშზე: ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა
“ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ევროპარლამენტმა ყველაფერს დაარქვა საბოლოოდ თავის სახელი. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი, პარტნიორობის ხელის შემშლელი. ეს არის სწორედ ევროპარლამენტი და მისი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ათასი უმისამართო ბრალდებებით ცდილობენ ამ ურთიერთობების ჩაშლას. მითუმეტეს ღიმილის მომგვრელია ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.