თავი მოვიმკვდარუნე და სხვების სხეულებზე დავეცი – რას ყვება ტერაქტს გადარჩენილი ახალგაზრდა
22 წლის იზაბელ ბოდერი, რომელი კლუბ „ბატაკლანში“ ტერორისტების შეტევას გადაურჩა, იხსენებს იმ საშინელ ღამეს და ამბობს, რომ ეს არ იყო ტერაქტი, არ იყო თავდასხმა, ეს იყო კარგად გამიზნული მასობრივი მკვლელობა, ხალხის მასობრივი დახვრეტა. იზაბელ ბოდერი ამბობს, რომ ის კლუბში იმყოფებოდა, როდესაც იქ ტერორისტები შეიჭრნენ. მანამდე მათ კლუბის დაცვის თანამშრომლები დახოცეს. ამის შემდეგ მათ მაყურებლების დახვრეტა დაიწყეს. გოგონამ ინტერნეტში საკუთარი სისხლიანი ტანსაცმლის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
„არასოდეს მეგონა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. იყო პარასკევი და მე მეგობრებთან ერთად კონცერტზე წავედი. ისეთი ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ვმღეროდით და ვცეკვავდით, შესანიშნავი საღამო იყო. მაშინაც კი, როდესაც დარბაზში ეს ხალხი შემოვარდა და სროლა ატეხა… თავიდან გვეგონა, რომ ეს შოუს ნაწილი იყო, ხოლო ვისაც ისინი ხოცავდნენ, მსახიობები, რომლებიც თავს იმკვდარუნებდნენ. მაგრამ შემდეგ ყველაფერს მივხვდით.
ვხედავდი, როგორ კლავდნენ ისინი ადამიანებს, რიგრიგობით, როგორ ყვიროდნენ მამაკაცები, როდესაც მათი მეგობარი ქალი გვერდით მკვდარი ეცემოდა, დავინახე მამა, რომელსაც თვალწინ ქალიშვილი დაუხვრიტეს. ერთი წუთის წინ არაფერი არ ხდებოდა და უცებ – დანგრეული ოჯახები, დანგრეული გულები, დანგრეული სიცოცხლეები. მე თავი მოვიმკვდარუნე, არ ვიცი, როდის მომივიდა ეს აზრად. უბრალოდ სროლის დროს დავიყვირე და სხვების სხეულებზე დავეცი. ასე ვიწექი საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მე გამიმართლა. არავინ არ მოსულა, რომ შეემოწმებინა, მართლა მკვდარი ვიყავი თუ არა. გარდაცვლილი ადამიანების გროვაში ჩემი სხეული მოკლულებისგან არაფრით განხვავდებოდა“, – წერს იზაბელი.