ანდრეი მამიკინსი: საქართველოს ყველა შანსი აქვს, 2016 წელს უვიზო რეჟიმი მიიღოს
ევროკავშირის სამ ახალ ასოცირებულ წევრს შორის, საქართველო, კანონების ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის პროექტების განხორციეელბის კუთხით აბსოლუტური ლიდერია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან” საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა შანსი აქვს, 2016 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღოს.
ანდრეი მამიკინსი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად კარგად მოემზადა, ამიტომ ევროპული კომისიის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი დაწესდება. “წლის ბოლომდე ველოდებით ევროპული კომისიის ძალიან დადებით ანგარიშს. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს დაწესდება”, – განაცხადა მამიკინსმა.
მისი თქმით, შარშან საქართველომ, მოლდავეთისგან განსხვავებით უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, რაც, მისი შეფასებით, გარკვეული უსამართლობა იყო. მამიკინსის მოსაზრებით, მოლდავეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება რუმინული ლობის ძლიერი გავლენით იყო განპირობებული. “ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის უვიზო რეჟიმის მიღება. ამას სიმბოლური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური”, – აღნიშნა მამიკინმა.
მისი თქმით, პროცედურა საკმაოდ მარტივი იქნება – შესაძლოა, ჩატარდეს სიმბოლური კენჭისყრა ევროპარლამენტში.
“რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ დეპუტატების უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს. მთავარი გადაწყვეტილება ევროპულმა პარლამენტმა ერთი წლის წინ მიიღო, როცა საქართველოს ასოცირებულ წევრობას დაუჭირა მხარი. ამიტომ, გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ტექნიკური ხასიათისაა”, – განაცხადა მამიკინსმა.