ფიქრია ჩიხრაძე თინათინ ხიდაშელს პასუხობს – მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.
ფიქრია ჩიხრაძეს თინათინ ხიდაშელის შეკითხვებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.
„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს სურვილი, მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყო. იმ მოშიმშილეებთან, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის თემაზე საუბრობენ. ის, რომ პრეზიდენტი მიდის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, თუკი ამის საჭიროებას ხედავს და რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, დღეს ამის მტკიცება არ გვჭირდება. დანარჩენი შეკითხვები არ არის რელევანტური, რომ ახლა ამ შეკითხვებზე დავიწყოთ პასუხების გაცემა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ სახელმწიფო კანცელარიასთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი მოშიმშილე ლიდერი ირმა ინაშვილი და სხვა წევრები მოინახულა, რომლებიც საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.