აშშ-ის ლუიზიანის შტატში პოლიციელები დააკავეს, რომლებმაც 6 წლის ბავშვი მოკლეს
აშშ-ის ლუიზიანას შტატში ოთხიდან ორი პოლიციელი დააკავეს, რომლებმაც ორი დღის წინ დევნის დროს ექვსი წლის ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები იუწყებიან.
ინციდენტი ქალაქ მარკსვილში, ადგილობრივი მკვიდრის კრის ფიუს დევნის დროს მოხდა. მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედი ავტომობილით ჩიხში აღმოჩნდა, მან მანქანა პოლიციელების მიმართულებით დაძრა. სწორედ ამ დროს პოლიციამ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. კრის ფიუ მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი შვილი – ჯერემი მარდისი მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
პოლკოვნიკ მაიკ ედმონდსონის განცხადებით, პოლიციის ოფიცრებს შეიძლება წაუყენონ ბრალდებები მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მუხლით. მისი ინფორმაციით, ფიუს მანქანის ჩხრეკის დროს იარაღი ნაპოვნი არ იყო. ამ დრომდე უცნობია, რატომ დაიწყო პოლიციამ მისი დევნა და გამოიყენა თუ არა პოლიციამ საფრთხის პროპორციული ძალა, როდესაც კრის ფიუს მანქანის მიმართულებით სროლა დაიწყო.