მამუკა არეშიძე: ვითხოვ, გაუქმდეს წესი, რომლითაც ჯარისკაცები მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ

„საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგები გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, რადგანაც ხელისუფლებას შუალედური არჩევნები არასდროს წაუგია“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და იმ შეცდომებზე ისაუბრა, რაც არჩევნებში მონაწილე ორივე სუბიექტმა დაუშვა.
ერთ-ერთი შეცდომა, რაზეც არეშიძემ ყურადღება გაამახვილა, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იყო. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა: „საარჩევნო კამპანიაში ასეთი დემონსტრაციული მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ეს იყო ხაზგასმულად დემონსტრაციული, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფორმალურად შვებულება გაიფორმეს. ამისი გაკეთება მაინც არ არის სწორი. ეს ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და გარკვეულ ზეწოლად. ეს მომავალში უნდა გაითვალისწინონ. რასაც სხვა აკეთებდა და სხვას უკიჟინებდნემ, შენ არ უნდა გაიმეორო.“
საგარეჯოს შეალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის ერთ-ერთ სადავო საკითხად მუხროვანის უბანი და სამხედროების ხმების გამოყენება რჩება. ირმა ინაშვილი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას სასამართლო გზით აპირებს. მამუკა არეშიძე კი აცხადებს, რომ მიმდინარე შუალედურმა არჩევნებმა მას 2012 წლის არჩევნები გაახსენა, რადგანაც, მაშინაც სამხედროების ხმებით ხდებოდა გარკვეული მანიპულაციები:
„2012 წელს, როცა კენჭს ვიყრიდი გარდაბნის რაიონში, ერთი ერთში განმეორდა ყველაფერი. მაშინ ჩემს წინააღმდეგ მობილიზებული იყო ვაზიანის ბაზაზე განლაგებული 4 000-მდე სამხედრო და სწორედ ამ ხმებით წავაგე. არჩევნების დამთავრების შემდეგ კი გაირკვა, რომ კიდევ 3 რაიონში მოხდა იგივე, ანუ, წაგება სამხედროების მეშვეობით. ამ ფაქტმა მაშინ დიდი აჟიოტაში გამოიწვია და ყველანი ერთხმად საუბრობდნენ, რომ აუცილებლად გაუწმდებოდა წესი, რომლითაც სამხედროებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ. დარწმუნებული ვიყავი, ამ 3 წელიწადში ეს შეიცვალა. უცებ, ვხედავ რომ იგივე განმეორდა საგარეჯოში. კატეგორიულად ვითხოვ, შეიცვალოს ეს წესი და ჯარისკაცებს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში ჰქონდეთ მონაწილეობის შესაძლებლობა“.
მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში ირმა ინაშვილის შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მოსახლეობა ვერ გამოიყვანა: „ინაშვილმა ვერ შეძლო ხალხოს გამოყვანა. ამომრჩევნების ძალიან დაბალი პროცენტი დაფიქსირდა. ამ თვალსაზრისით მეტი მუშაობა იყო საჭირო. გარდა ამისა, არ ვიცი, რამდენად გაითვალისწინა მან ერთი ტრადიციული წესი, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა და ზოგადად, ეროვნული უმცირესობები მუდმივად ხმას აძლევენ ხელისუფლებას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები