პრემიერი პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს, სასამართლოსთან მიმართებაში კორექტულები იყვნენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობასა და ცალკეულ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, სასამართლოსთან მიმართებაში კორექტულები იყვნენ. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“მე კატეგორიულად ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას, რომ “რუსთავი 2″-ის პროცესებში ჩვენი მთავრობა არის რაიმე ფორმით ჩართული. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს თავისუფალ გარემოში დამოუკიდებელი, ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა, განურჩევლად თანამდებობისა, თუ სხვადასხვა პრივილეგიისა, ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ეს არის ჩემი პოზიცია და მინდა ყველას – პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას მოვუწოდო, რომ სასამართლოსთან მიმართებაში ვიყოთ კორექტულები”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
“მეც შეიძლება ოდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად მითქვამს რაიმე ამა თუ იმ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – ეს, ძირითადად, ეხებოდა უფრო კრიმინალურ საქმეებს. როგორ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს? ეს არ არის, მეგობრებო, ჩვენი საქმე. ეს არის დამოუკიდებელი, ობიექტური სასამართლოს საქმე”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები